ვინისიუს ჟუნიორი თამაშებს იგებს. ის „რეალში“ გამარჯვების მომტან ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და ეს „სევილიასთან“ შეხვედრაშიც დაამტკიცა.
ხულენ ლოპეტეგის გუნდმა ბრაზილიელის შეჩერება სცადა, მაგრამ ვინიმ მაინც გაიტანა თავისი — თამაშის მიწურულს ჩინებული დარტყმით „თეთრებს“ სამი ქულა შეჰმატა.
მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა. „რეალმა“ მოიგო 2:1.
ვინისიუსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს. ამ ფაქტს მადრიდში კილიან მბაპეს ჩაყვანის პერსპექტივასაც თუ დავამატებთ, შეიძლება კარლო ანჩელოტის გუნდის შესანიშნავ მომავალზეც ვილაპარაკოთ.
„სევილიასთან“ მოგებამ „რეალი“ ლა ლიგის ცხრილში 4 ქულით დააწინაურა.
სტუმართაგან კი ყველაზე საშიში ლუკას ოკამპოსი იყო. ერთ ეპიზოდში მას პენალტის მოპოვება შეეძლო, მაგრამ მსაჯმა მომენტი დარღვევად ვერ აღიქვა. იყო ეპიზოდი, როდესაც ოკამპოსმა ძელს გაარტყა ბურთი.
ანგარიში მე-12 წუთზე თავური დარტყმით რაფა მირმა გახსნა. მას კუთხურიდან ჩააწოდეს ბურთი. 32-ე წუთზე კი ქარიმ ბენზემამ გაათანაბრა. ბენზემას გოლში როლი სტუმართა მაროკოელმა მეკარე ბონომ ითამაშა, რომელმაც ედერ მილიტაოს დარტყმული ვერ მოიგერია ხეირიანად. ორივე კართან იყო სხვა მომენტებიც. მადრიდელები ტიბო კურტუამ იხსნა.
ზოგადად, „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩები დაძაბული და უშეღავათოა, თუმცა უხეშობის თვალსაზრისით ამჯერად განსხვავებული სურათი ვიხილეთ. ასე მაგალითად, 54-ე წუთისთვის გუნდები სულ სამ-სამჯერ იყვნენ დაჯარიმებულნი.
საინტერესოა, რომ ამ საღამოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იყო „რეალის“ სამი მწვრთნელი, მათგან ორი ყოფილი: ანჩელოტი და ლოპეტეგი საქმეში იყვნენ ჩართულები, ზინედინ ზიდანი კი მეუღლესთან ერთად ტრიბუნაზე იჯდა. მას მადრიდისტები თბილად შეხვდნენ.
„სევილია“ მეოთხე ადგილზეა. ის „რეალს“ 5 ქულით ჩამორჩება.