„ვილიარეალის“ ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი შინ „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა. ის დარწმუნებული იყო, რომ შეხვედრის დასაწყისში, ჯერ კიდევ 0:0-ზე, მისი გუნდის სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო.
ემერი ითხოვს ვინმემ აუხსნას, რატომ არ დაუსტვინა მსაჯმა „პიკეს ეპიზოდში“ და კატალონიელების კარში პენალტი რატომ არ დანიშნა. „ბლაუგრანას“ ვეტერანმა მცველმა ხომ საჯარიმოში ბურთს გზა ხელით გადაუღობა. ასეთ პენალტზე თვალის დახუჭვა თვით „ბარსელონასაც“ არ უნდა მოსწონებოდაო, თქვა „ვილიარეალის“ თავკაცმა.
„ალბიოლზე ულაპარაკოდ პენალტი იყო, ჩვენს კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ხელით თამაშის გამოც უეჭველად პენალტი უნდა დაენიშნათ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს მიმართ უპატივცემულობას ამჟღავნებენ. ორი ეპიზოდი იყო, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო და VAR-მა ერთის შემოწმებაც არ ინება.
ამ შეცდომისთვის ვინმეს პასუხი უნდა მოეთხოვოს. ვიღაც უნდა იყოს ვალდებული აგვიხსნას, რა მოხდა. ეს ეპიზოდი ხომ ყველამ თავისი თვალით ნახა. დარღვევა აშკარა იყო, მეტისმეტად აშკარა“.
ემერის ჰკითხეს, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ესპანეთში მსაჯები დიდ კლუბებს ეხმარებიან. მან უპასუხა, რომ მიზანმიმართულ დახმარებაზე ვერაფერს იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ წინა ტურში, „ბარსელონასა“ და „ესპანიოლის“ შეხვედრაში, „ბარსას“ საეჭვო პენალტი დაარტყმევინეს, დღეს კი უარესი გააკეთეს — მის კარში უეჭველი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნეს.
„ყველაზე არანორმალური საქციელი კი ის იყო, რომ VAR-მა ეპიზოდი არც კი შეამოწმა. ეძინათ,“ — თქვა აღშფოთებულმა ემერიმ, რომელმაც დასძინა, რომ შედეგის მიუხედავად თავისი გუნდის თამაში ძალიან მოეწონა და თუ ასე განაგრძობენ, კარგი შედეგებიც არ დაიგვიანებს.