რალფ რანგნიკი სულაც არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს და მის თანამდებობას სიტყვა დროებითი ჩამოშორდება.

გერმანელი 63 წლისაა. ის და „იუნაიტედი“ ჯერ კიდევ მუშაობენ ხელშეკრულების დეტალებზე. საჭიროა ზუსტად ჩაიწეროს როგორ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა სეზონის დასრულების შემდეგ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მანკუნიანელებმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტისა და განვითარების უფროსი დროებით თავკაცობაზე დაიყაბულეს. ინგლისურმა კლუბმა აგრეთვე არ დამალა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მას „ოლდ ტრეფორდზე“ კიდევ ორი წლით დატოვებს და დაახლოებით იმავე საქმეს გააკეთებინებს, რითაც რუსეთის დედაქალაქში იყო დაკავებული.

ამის მიუხედავად, რანგნიკის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მათი მიზანია, იმ შემთხვევაში თუკი გერმანელი დროებითი მწვრთნელის რანგში წარმატებას მიაღწევს, კლუბში სხვა თანამდებობაზე კი არ გადავიდეს, არამედ ბოსად დარჩეს.

თუ რანგნიკი გუნდის თავკაცი გახდება, მას ახალი ფეხბურთელების ყიდვასთან დაკავშირებული უფლებამოსილება სჭირდება. ჯერ არც პრემიების საკითხია შეთანხმებული. წარმატების შემთხვევაში ბონუსი ხომ დროებით მწვრთნელსაც უნდა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი პრინციპი „შენ მიდი მოიგე და ჩვენ არ გაწყენინებთ“ არ მუშაობს.

ერთი სიტყვით, რალფ რანგნიკი ცდილობს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თანამშრომლობა დროებით მწვრთნელობასა და შემდეგ სხვა თანამდებობაზე გადაბარგებაზე მეტი გამოუვიდეს.

ხვალ კი „იუნაიტედი“ პრემიერლიგის მორიგ ტურში „ჩელსის“ ხვდება და ამ შეხვედრაში, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაში „ვილიარეალთან“, გუნდს კვლავ მაიკლ ქერიკი გაუძღვება.

ქერიკი ამბობს, რომ ახალ მწვრთნელს, ვინც არ უნდა იყოს ის, ოლე გუნარ სულშერის მიერ სამი წლის განმავლობაში ჩაყრილ ფუნდამენტზე დაყრდნობა საქმეს გაუმარტივებს.

„ვფიქრობ, ოლეს პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, ასისტენტების მთელი სტაფის ჩამოყალიბება და ორგანიზაციაში მუშაობის სწორი კულტურის დანერგვა იყო. ეს ყველაფერი კი ისეთი რამ არის, რაც შორიდან არ ჩანს.

ყველამ ნახა, რომ გასულ სეზონში მაღალი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ამ სეზონში შედეგები გაუარესდა, რამაც, სამწუხაროდ მთელი შრომა დაჩრდილა. არადა, სულშერის შექმნილი ინფრასტრუქტურა და შტაბი არსად წასულა. მან მე, როგორც მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს ამ კვირაში დიდი სამსახური გამიწია.

ერთი სიტყვით, მომავალში რაც გინდა მოხდეს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ძალიან ძლიერი ათვლის წერტილი არსებობს“.