საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა.

„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა. ლუკასთვის ეს მეორე ლელოა  მიმდინარე სეზონში, მთლიანად ფრანგულ კარიერაში კი ნიორაძის ანგარიშზე უკვე 6 ლელო დაგროვდა. „რუანის“ სასტარტოში კი ვეტერანი კარლენ ასიეშვილი იყო, რომელიც უკვე 27-ე წუთზე გაასინბინეს და მოედანზე აღარც დააბრუნეს.

ლიდერი უცვლელია – „მონ-დე-მარსანმა“ გასვლით მატჩში „ბეზიეს“ 32:22 მოუგო და 47 ქულით პირველობის უპირობო ფლაგმანად რჩება. მის შემადგენლობაში ბოლო 4 წუთი ლაშა მაჭარაშვილმა ითამაშა, ხოლო მასპინძლებში ჟორჟი სალდაძე 52-ეზე გამოჩნდა.

ცხრილის მეორე საფეხურზე „ოიონაქსია“, რომლის რიგებშიც სეზონური დებიუტი ვეტერან ბორჯღალოსან ირაკლი მირცხულავას ჰქონდა — 32 წლის ბურჯი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა, ხოლო მისმა გუნდმა „აჟენს“ გასვლაზე 19:4 აჯობა. მასპინძლები ბონუს დასჯერდნენ და ამაში მოქმედი ბორჯღალოსანი გრიგორ ქერდიყოშვილი წაეხმარა, რომელმაც პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა.

ნაკრებიდან დაბრუნებული მეორეხაზელი „ბაიონსაც“ ჰყავდა, თუმცა კოტე მიქაუტაძე მარქაფაში იყო და თამაშში არც ჩართულა, ხოლო მისმა გუნდმა „კარკასონს“ ბონუსით, 25:14 მოუგო.

„გრენობლმა“, როგორც იქნა, მოიგო — აუტსაიდერი „ნარბონი“ 26:8 დაამარცხა. ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი ქართველებსაც მიუძღვით — სასტარტო მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა 52-ე წუთზე ზურაბ ჟვანიამ ჩაანაცვლა.

„ნევერმა“ „ბრესანი“ დიდი ანგარიშითა და ბონუსით, 52:13 გაანადგურა. გამარჯვებულთა შორის თორნიკე მატარაძემ პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო წაგებულებს შორის ვაჟა კაპანაძემ საწყისი 50 წუთი დაჰყო მოედანზე, მა კი, დასკვნითი ნახევარი საათი.

ბოლოს ორიოდე სიტყვა გიორგი კვესელაძეზეც ვთქვათ, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავისი „გლოსტერის“ განაცხადში გამოჩნდა, რომელმაც „უოსფს“ სტუმრად 35:33 აჯობა. თუმცა, ბორჯღალოსანი ცენტრის თამაშში ჩართვისგან მისმა მწვრთნელებმა ამ ჯერზე თავი შეიკავეს.