საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 88:83 დაამარცხა უკრაინა და მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 15-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 17-ჯერ შეიცვალა ლიდერი. პირველ მეოთხედში საქართველოს თად მაკფადენმა ულიდერა. მან 15 ქულა შესძინა გუნდს და ჩვენებს 28:24 მოაგებინა.
უკრაინა რომ არაფრით ჩამოგვჩებოდა, ბლიზნიუკისა და პეტროვის დამსახურებაა. მეტიც, მათი კარგი თამაშით უკრაინა 43:36 დაწინაურდა. დროებით ჩაკარგულ მაკფადენს „გაახსენდა“ მოედანზე რომ იყო – 5 ქულა, პასი და ანგარიში ისევ თანაბარია. თუმცა, დიდ შესვენებაზე უპირატესობით უკრაინის ნაკრები გავიდა – 46:45.
ასე გაგრძელდა თამაში შესვენების შემდეგაც. წინ ისევ უკრაინაა – 66:64. ბოლო მეოთხედში, ორი წუთით ადრე წინ უკვე საქართველოს ნაკრებია – 84:78. შემდეგ კი საქმე შედარებით მარტივად მივიდა პირველ გამარჯვებამდე.
მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი თორნიკე შენგელიასი იყო – 16 ქულა, 13 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე პასი დააკლდა მაკფადენს (27 ქულა, 9 პასი), რომელიც გუნდში საუკეთესო იყო. გიორგი შერმადინმა 23 ქულა დააგროვა, ბექა ბურჯანაძემ – 11.