„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ ოთხშაბათ საღამოს ჟურნალისტმა, რომელიც მას ეკამათა, სწორედ ვერ გაუგო.

ჩემპიონთა ლიგაში „პორტუსთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, გერმანელს გაახსენეს მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი, „აფრიკის ერთა თასი“ პატარა შეჯიბრებააო. შაბათს კლოპი სანაკრებო წყვეტებზე ლაპარაკობდა და ჩიოდა, რომ მო სალაჰი, ნაბი კეიტა და სადიო მანე მთელი იანვრის განმავლობაში არ ეყოლება.

და აი, ოთხშაბათს, პრეს-კონფერენციაზე ონლაინ ჩართულმა ჟურნალისტმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. თქვენ ევროპის ჩემპიონატზე იმავე სიტყვებს არასდროს იტყოდითო. „ლივერპულის“ თავკაცმა თავი დაიცვა.

სიტყვასიტყვით, ასე იყო: „გამარჯობა, იურგენ. მატჩის წინ, ბოლო პრეს-კონფერენციაზე, თქვენ აფრიკის ერთა თასს სრულიად შეგნებულად უწოდეთ პატარა შეჯიბრება. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელების, გულშემატკივრების და ზოგადად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები ხალხის შეურაცხყოფაა. თქვენ მათ ბოდიში უნდა მოუხადოთ“.

კლოპმა უპასუხა: „ასეთი რამ გულშიც არ გამივლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერც კი ვხვდები რატომ აღიქვით ჩემი სიტყვები ასე“.

ჟურნალისტი: „მე ვუსმენდი პრეს-კონფერენციას და თქვენ თქვით, რომ აფრიკის კონტინენტი პატარაა. აი, ეს თქვეთ თქვენ“.

კლოპი: „მორჩით, რა. ასეთი არაფერი მითქვამს. თავში აზრად არასდროს მომსვლია აფრიკის კონტინენტისთვის ან აფრიკის ერთა თასისთვის პატარა მეწოდებინა. თუ თქვენ მთელი პრეს-კონფერენცია ნახეთ, უნდა მიმხვდარიყავით, რომ მე ჩემი ფეხბურთელების ამბავს განვიცდიდი. მე ვთქვი, რომ მარტამდე აფრიკის ერთა თასის გარდა სანაკრებო წყვეტა აღარსად არის.

მე ვთქვი, რომ იანვარში პატარა ტურნირი კიდევ დარჩა. ამით ის კი არ მითქვამს, რომ აფრიკის ერთა თასი პატარა შეჯიბრებაა, არამედ ის ვთქვი, რომ მარტამდე კიდევ დარჩა ერთი შეჯიბრება (როგორც ჩანს, კლოპმა სიტყვა პატარა „ერთი შემორჩენილის“ გაგებით გამოიყენა). აფრიკის თასი კი დიდი ტურნირია და ჩვენ იქ საუკეთესო ფეხბურთელებს ვაგზავნით“.

ჟურნალისტი: „მაგრამ თქვენ ამას ევროპის ჩემპიონატზე არასდროს იტყოდით. თქვენ არასდროს იტყოდით, რომ ევროპაში ერთი პატარა შეჯიბრება კიდევ დარჩა“.

კამათი კლოპმა დაასრულა: „მე ლაპარაკი დიდად არ მეხერხება, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, რომ ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგოთ, ამას ყოველთვის მოახერხებთ. ცუდი არაფერი მიგულისხმია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერც იმას ვხვდები, რატომ მიიღეთ ჩემი ნათქვამი ასე. მაგრამ, რაც არის, არის.

თქვენ ჩემს ნათქვამს იმაზე მეტი მიაწერეთ რასაც ვგულისხმობდი და მართალი რომ გითხრათ, ეს მთლად კარგი არ არის“.

აფრიკის ერთა თასი კამერუნში ჩატარდება. ის 9 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დამთავრდება. იურგენ კლოპის „ლივერპული“ შეჯიბრებაში მიავლენს მო სალაჰს, ნაბი კეიტასა და სადიო მანეს.