
ქართველი გულშემატკივრისთვის ესპანური „ვალენსიას“ ამბები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც იქ გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. ადრეც მოგახსენებდით, რომ კლუბის მეპატრონე გახლავთ სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი, რომლის მმართველობით გულშემატკივართა არცთუ მცირე ნაწილი უკმაყოფილოა და საპროტესტო აქციებს აწყობს.
ლიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა ორშაბათს მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელზეც დათქვეს, რომ 1 დეკემბერს, 12 საათზე პრეს-კონფერენციას მოაწყობენ. ამ პრეს-კონფერენციაზე ისინი დაწვრილებით განმარტავენ რატომ უპირისპირდებიან „ღამურების“ მთავარ აქციონერს, შემდეგ კი, 11 დეკემბერს ასევე შუადღის 12 საათზე აქციას მოაწყობენ.
ლიმის ოპონენტებმა 11 დეკემბერი იმიტომ აირჩიეს, რომ ამ დღეს, ადგილობრივი დროით 18:30-ზე (საქართველოს დროით 21:30-ზე) „ვალენსია“ „ელჩეს“ მასპინძლობს.
პროტესტს სათავეში უდგანან ჯგუფები Libertad VCF, Agrupació de Penyes del Valencia CF, De Torino a Mestalla, the Peña Viachers, Espíritu del 86, VCF Sud და UVA Mestalla.
მათი წარმომადგენლები, ზემოთ ნახსენებ ორშაბათის შეკრებაზე ერთმანეთს ბარ „ტორინოში“ შეხვდნენ, რომელიც ისტორიული ადგილია — 1919 წლის 18 მარტს სწორედ აქ დააფუძნეს „მესტალიას“ კომპლექსი.
„ვალენსია“ პიტერ ლიმის ხელში 2014 წელს გადავიდა და მას მერე კლუბს პრობლემები აქვს როგორც სპორტულ ასევე ეკონომიკურ ფრონტებზე. გარდა ამისა, „ჩეების“ ქომაგები მიიჩნევენ, რომ ლიმების გარემოცვა მათ მიმართ ირონიულ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებს.
ბოლო ინციდენტი, რომელმაც „ვალენსიას“ ფანები გააბრაზა სან სებასტიანში მოხდა. თამაშს ესწრებოდნენ პიტერ ლიმის მარჯვენა ხელი ჯოი ლიმი და კლუბის პრეზიდენტი ანილ მურტი. როდესაც გულშემატკივრებმა ჩვეული სიმღერა — „ანილ, კანალია! დატოვე მესტალია!“ — შემოსძახეს, ჯოი ლიმმა მათ გამოსაჯავრებლად ცეკვა დაიწყო. ადრე ყოფილა სხვა შემთხვევებიც, როდესაც კრიტიკოსებისთვის თავად მურტის უპასუხია ჟესტებით.
ლიმის საწინააღმდეგო პირველი დემონსტრაცია 8 მაისს გაიმართა და იქ 8 ათასმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. პანდემია რომ არა, ცხადია დემონსტრანტების რაოდენობა მეტი იქნებოდა.