ეს იყო ჩავის პირველი თამაში „ბარსელონას“ თავკაცის რანგში და როგორც კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ამ შეხვედრაში გუნდმაც იწვალა და ჩავიმაც, მაგრამ მაინც გამარჯვებულები დარჩნენ. შეხვედრა გახლდათ ქალაქ ბარსელონას დერბი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ. „ესპანიოლს“ შეეძლო სახელოვანი მეზობლისთვის ქულა მაინც აერთმია.
წვალება წვალებად, მაგრამ „ბარსელონა“ ადრინდელზე უკეთესად თამაშობდა — 75 წუთი მათი იყო. ეს იყო იმ სტილის თამაში, რომლის ნახვაც ტრიბუნებზე დაბრუნებულ გულშემატკივარს უნდოდა. „კამპ ნოუზე“ 74 ათასი კაცი იჯდა.
ცნობისათვის: წინა შეხვედრაში, „ალავესის“ წინააღმდეგ, სტადიონზე ორჯერ ნაკლები ხალხი მივიდა.
გოლის გარდა პირველ ტაიმში იყო ყველაფერი, რაც ჩავის უნდოდა. „ბარსა“ იყენებდა ფლანგებს — მარჯვენა მხარეს იდგა 17 წლის დებიუტანტი, წარმოშობით მაროკოელი ილიას ახომაში (არაბები ხ-ს ძალიან რბილად გამოთქვამენ), მარცხნივ კი ჯორდი ალბა.
შეტევაში ერთვებოდნენ ფრენკი დე იონგი და ნიკო გონსალესიც. მათი მიწოლა მეტოქის საჯარიმოსთან ხიფათს აძლიერებდა. შედეგად, „ესპანიოლი“ სულ მეტად და მეტად ეჯაჭვებოდა თავის ნახევარს.
„ბარსამ“ ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნა. მემფის დეპაიმ მეტოქის საჯარიმოში პენალტზე ითამაშა, მცველს ფეხი დაუტოვა და შემდეგ თავად დაარტყა თერთმეტი მეტრიდან.
მეორე ტაიმში ილიასის ნაცვლად ჩავიმ მისი 19 წლის თანამემამულე, ასევე მაროკოელი ეზ აბდე (აბდესამად ეზალზული) შეიყვანა, რომელმაც ასევე გაამართლა, თუმცა „ბარსელონა“ თანდათანობით დაიღალა, რითაც „ესპანიოლმა“ ისარგებლა და კინაღამ გაქვითა.
დიმატამ ორიოდ მეტრიდან თავით ვერ გაიტანა; რაულ დე ტომასმა თავითვე ძელს გაარტყა ბურთი. იყო სხვა ხიფათიც.
თუმცა, საბოლოოდ „ბლაუგრანამ“ მოიგო და ჩავიმ „ბარსელონას“ გაძღოლა გამარჯვებით დაიწყო.





