„ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჩავი თავის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად გაესაუბრა. მას ყველას განწყობა და პრობლემა აინტერესებდა. კლუბის ყოფილ ვარსკვლავს არ უნდოდა „ბარსას“ მოთამაშეების შესახებ რაიმე სხვისგან ან ჭორად გაეგო.

როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, ჩავისთვის ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ისინიც კი ვინც უეჭველად წამსვლელი ეგონა, მზად აღმოჩნდა „ბარსასთვის“ თავი დადოს და მის პროექტს მთელი ძალა და ღონე დაახარჯოს. ახალი მწვრთნელის განკარგულებაში რჩებიან ბოლო პერიოდში ათვალწუნებული ფილიპე კოუტინიუ, ლუკ დე იონგი და სამუელ უმტიტიც კი.

ჩავი ყატარში მუშაობის პერიოდში „ბარსელონას“ თამაშს თვალს ადევნებდა. მან კარგად იცოდა, რა ხდებოდა მოედანზე, ჰქონდა თავისი მოსაზრება საფეხბურთო საკითხებზე, იღებდა ინფორმაციას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასგან, მაგრამ ფეხბურთელების პრობლემებსა და სურვილებში ცხადია ჩახედული არ იყო.

ამბობენ, რომ ჩავის განსაკუთრებით თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ვეტერანი ჟერარდ პიკეს გუნებ-განწყობა აინტერესებდა. ბოლო პერიოდში „ბარსას“ გულშემატკივრებს, ეგრეთწოდებულ კულეებს შორის გაძლიერდა ეჭვი, რომ პიკემ კლუბზე გული აიცრუა. მას აქვს თავისი ბიზნესი, ხშირად ჩანს ტელეეკრანზე სხვადასხვა შოუში, ერთი სიტყვით, ფეხბურთზე სისხლსავსე ცხოვრება მის მიღმა აქვს.

„სპორტის“ ინფორმაციით, ჩავიმ და პიკემ გულწრფელად ილაპარაკეს. ჩავის თხოვნა ძველ მეგობართან სწორედ ის იყო, რომ მას თავის მთავარ საქმედ ისევ ფეხბურთი ექცია. „ბარსელონას“ მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ პიკეს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ოღონდ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუ ყურადღების ასივე პროცენტს კვლავ ვარჯიშზე გადაიტანს. პიკეს დაბრუნება „ბარსელონაში“ ლიდერის დაბრუნებას ნიშნავს.

დიარიო „სპორტი“ წერს, რომ პიკემ ჩავის მხარში დგომა აღუთქვა.