„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ედი ჰაუ თავის პირველ თამაშს სასტუმროდან გაუძღვება, რადგან covid 19 აიკიდა და ათი დღე თვითიზოლაციაში უნდა იყოს.

ამის მიუხედავად, ის „ბრენტფორდთან“ მატჩამდე ყველა ფეხბურთელს ონლაინ ინდივიდუალურად გესაუბრება და შეხვედრის მსვლელობისას ასისტენტებთან, ჯეისონ ტინდალსა და გრემ ჯონსთან მუდმივი კავშირი ექნება.

ჰაუ უკვე 12 დღეა, რაც „კაჭკაჭების“ თავკაცია და სასტუმროში ცხოვრობს. მან ბოლო ვარჯიში ხუთშაბათს ჩაატარა, რის შემდეგაც ტესტმა აჩვენა, რომ ის ინფიცირებულია. გაჩნდა შიში, რომ მწვრთნელმა შეიძლება ფეხბურთელებიც დაასნებოვნა.

ჰაუმ თქვა: „გული მწყდება, რომ ხვალ „სენტ ჯეიმსის პარკზე“ არ ვიქნები, მაგრამ რეგულაციების დაცვა აუცილებელია“.

მთავრობის მიერ დაწესებული ათდღიანი თვითიზოლაცია იმას ნიშნავს, რომ „კაჭკაჭების“ თავკაცი შემდეგ შაბათს „არსენალთან“ შეხვედრასაც ვერ დაესწრება.

ჰაუმ განაგრძო: „მინდა ყველა დავარწმუნო, რომ თავს ცუდად არ ვგრძნობ და მართალია უსიამოვნო რამ შემემთხვა, მწამს, ის ჩვენს მუშაობას ვერ დააბრკოლებს“.

„ნიუკასლ იუნაიტედის“ გულშემატკივარს კი დიდი ფუსფუსი ჩაეყარა წყალში. მათ დაამზადეს უშველებელი ბანერი, რომელიც ჰაუს ეპოქის დასაწყისს ეხმიანებოდა, ახლა კი ეს ბანერი ალბათ გამოსაცვლელია.

კლუბის აქციონერის ამანდა სტეივლის ქმარმა მეჰრდად გოდუსიმ ფანებს მოუწოდა ჰაუს ავადმყოფობას ზედმეტი ყურადღება არ დაუთმონ და ტრიბუნებიდან ფეხბურთელები გაამხნევონ.

კიდევ, „ნიუკასლ იუნაიტედში“ ის სიახლეა, რომ კლუბმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მმართველი დირექტორი ლი ჩარნლი, რომელიც 22 წელიწადი იდგა „კაჭკაჭების“ სამსახურში.

ინგლისური ფეხბურთის სამყაროში, ცნობას ჰაუს ავადმყოფობის შესახებ წინ უძღოდა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავი კევინ დე ბრუინიც covid 19-ით არის ავად. დე ბრუინი „ქალაქელების“ სამ მატჩს გამოტოვებს — „ევერტონთან“, ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან“ და „ვესტ ჰემთან“.