გასულ ზაფხულს ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლამ საფრანგეთის ჩემპიონის თამაშების უცხოეთში ტრანსლაციას ახალი ბიძგი მისცა. გაიზარდა ხელმომწერთა რაოდენობა. ტელესიგნალით ადრე დაპყრობილ ტერიტორიებს ახლები დაემატა.

როგორც ფეხბურთის პროფესიული ლიგის საერთაშორისო უფლებათა მფლობელი, ყატარის ტელეკომპანია BeIn Sports ამბობს, საფრანგეთის ჩემპიონატის ნახვა ექვს ახალ ქვეყანას მოუნდა. გარდა ამისა, ჩრდილო აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში, სადაც ლიგა 1-ს თვალყურს აქამდეც ადევნებდნენ, მაყურებელთა რაოდენობა არნახულად გაიზრდა. ეს განსაკუთრებთ დაეტყო 24 ოქტომბერს „პარი სენ ჟერმენისა“ და „მარსელის“ შეხვედრას, რომელიც 76 პროცენტით მეტმა მაყურებელმა ნახა.

როგორც ჩანს, ბევრი ქვეყნის გულშემატკივარს მესის საფრანგეთში გადასვლამ ლიგა 1-ის მიმართ დამოკიდებულება შეაცვლევინა. ისინი ადრე მხოლოდ ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის ან იტალიის თამაშებს უყურებდნენ.

მოგეხსენებათ, ლეო მესი მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელია და არ არის გამორიცხული, რომ 29 ნოემბერს ეს ტიტული მეშვიდედ მიანიჭონ.

არგენტინელი „პარკ დე პრენსზე“ ისეთ ვარსკვლავებს შეუერთდა, როგორებიც არიან მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი ნეიმარი (პსჟ-მ „ბარსელონასგან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა) და კილიან მბაპე, რომელიც პარიზელებმა „მონაკოსგან“ 180 მილიონად იყიდეს — მას ძვირთა შორის მეორე პოზიცია უკავია. მაგრამ, 2017 წელს ამ ორი თავდამსხმელის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლას ისეთი სატელევიზიო ბუმი არ გამოუწვევია, როგორიც ზაფხულში მესის ტრანსფერმა გამოიწვია.

არგენტინელმა, რომელსაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ვინაიდან ესპანურ კლუბს ფინანსური კრიზისი ჰქონდა ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა, ზემოხსენებული BeIn Sports-ის ინფორმაციით, არნახული შედეგი მოიტანა. თავად განსაჯეთ, BeIn Sports-ი, რომელიც ფეხბურთის პროფესიულ ლიგას სულ მცირე 75 მილიონ ევროს უხდის, ხარჯს არ უჩივის.

ყატარის ტელეკომპანიამ, რომლის მეპატრონე იმავდროულად „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელიც გახლავთ, 2021-24 წლებისთვის ექვს ახალ ქვეყანასთან გააფორმა კონტრაქტი და ახლა უკვე 213 ტერიტორიაზე მაუწყებლობს.

საინტერესო ფაქტია: ბელგიაში, სადაც ფრანგული ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა, საფრანგეთის ჩემპიონატს უკვე სამი წელიწადია აღარ უყურებდნენ და აი, ამ კვირაში Eleve Sports-მა გააფორმა ხელშეკრულება.

ფრანგულ ფეხბურთს ბოლო რამდენიმე წელიწადი აღარ უყურებდნენ ინდოეთსა და ვიეტნამში, მაგრამ ამ ქვეყნებიდანაც Viacom18-მა და Reddentes Sports-მა გამოიჩინეს კონტრაქტის ხელახლა დადების სურვილი.

ჩამოთვლილთ შეუერთდნენ შვედური Amedia და ნორვეგიული Bonnier.

ხსენებული კონტრაქტების წყალობით, BeIn Sports-ი ფეხბურთის პროფესიულ ლიგას ანგარიშს გაუსწორებს და ამის ზევით, ეს ორი ორგანიზაცია მოგებაზე დაიწყებს მუშაობას.

ბოლო პერიოდში ფრანგულ ლიგა 1-ს კონტრაქტი გაუწყვიტა ესპანურმა Mediapro-მაც, რომლის ნაცვლადაც გამოჩნდა Amazon-ი, რომელიც თამაშების 80%-ის ტრანსლაციას შეუდგა და ფრანგებისთვის წელიწადში 250 მილიონი მოაქვს.

ამრიგად, საფრანგეთის ჩემპიონატი ლეო მესის წყალობით კარგ მოგებაზე გადავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგები მეზობლებს მაინც ვერ დაეწევიან — პრემიერლიგა წელიწადში მილიარდნახევარ ევროს გამოიმუშავებს, ლა ლიგა 900 მილიონს, ხოლო სერია A 370 მილიონს.