შაბათს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდისგან 25 კილომეტრში მდებარე პატარა კასტილიურ ქალაქ არანხუესში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2021 წელს თავის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს.
ბორჯღალოსანთა მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც ამ ბოლო ხანს ჩვენს ყველაზე პრინციპულ კონკურენტად ჩამოყალიბდა. ეს იქნება მეექვსე შეხვედრა და წინა ხუთი მატჩიდან ჩვენს ნაკრებს მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. ეს 2016 წელს მოხდა, ბორჯღალოსანთა ზღვისრეთული ტურნეს მსვლელობისას. 5 წლის წინ ზაფხულში საქართველოს ნაკრებმა „მფრინავი ფიჯელები“ 14:3 დაამარცხა, მაგრამ საერთო ჯამში კუნძულელები მაინც დიდ უპირატესობას ფლობენ – 4:1.
შარშან ფიჯელებმა ქართველებს „შემოდგომის ერთა თასზე“ 38:24 მოუგეს და ბოლო ადგილზე ჩატოვეს, თუმცა დღევანდელი სიტუაცია შარშანდელისგან განსხვავდება.
ჯერ ერთი, ფიჯის ნაკრებს სამხრეთ ნახევარსფეროში მოთამაშე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წევრი აკლია, ანუ გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული საფრანგეთსა და ინგლისში მოთამაშე მორაგბეებით, თუმცა ესეც დიდი ძალა რომაა, საკუთარ ტყავზე გასულ კვირა-დღეს „ექვსი ერის თასის“ მოქმედმა მფლობელმა უელსის ნაკრებმა გამოსცადა. კარდიფის „მილენიუმზე“ გამართულ მატჩში 23-ე წუთამდე ფიჯელები სულაც 13:7 იგებდნენ, ვიდრე მათ წითელი ბარათით ერთ-ერთი გარემარბი გაუძევეს, რამაც ვერაფერი დააკლო, მაგრამ როცა 36-ზე სამხრეთელები ერთ-ერთი მესამეხაზელის გასინბინების გამო 10 წუთით ორკაცნაკლულები დარჩნენ, ვალიელებმა ერთი ლელო-გარდასახვის გატანა როგორც იქნა მოახერხეს და ტაიმიც 14:13 მოიგეს.
მაგრამ 13 კაცის შემადგენლობით ფიჯის ნაკრებმა ბენ ვოლავოლას საჯარიმო დარტყმით მაინც უპასუხა, ხოლო როცა მათ ერთი გაძევებული დაუბრუნდათ, თავი ნაიასალევუმ გამოიჩინა, ვისი ლელოც მგეზავმა ვოლავოლამ უნაკლოდ გარდასახა – 14:23 და უელსის ნაკრები კატასტროფის წინაშე დადგა. და ამ მომენტში ავსტრალიელი რეფერი მათ კვლავ წაეხმარა – 61-ე წუთზე „მფრინავი ფიჯელები“ კვლავ 13-ნი დატოვა მინდორზე, რაც ბრიტანელებმა 4 უპასუხო ლელოს გატანაში ასახეს – 38:23. ანუ ფიჯიმ პრაქტიკულად არაფერი დაუთმო ევროპის ფაქტობრივ ჩემპიონს და ვნახოთ, რას გახდება ევროპის ოფიციალურ ჩემპიონთან…
ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, ბოლო წლებში უცვლელად საქართველოს ნაკრებია. მისმა დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთის ნაკრებთან ნათამაშები ხალხისგან მხოლოდ ორი შეცვალა – მარქაფაში ხანგრძლივი პაუზის მერე სახელოვანი ბურჯი მიშა ნარიაშვილი დაბრუნდა, ასევე დიდი ხნის შედეგ პირველადაა განაცხადში მეორეხაზელი ლაშა ჯაიანიც.
მოკლედ, არანხუესის „ესტადიო ელ დელეიტეზე“ შაბათს, 18:30-ზე დიდი ჯახი დაიწყება და იმედია, ქართველები ნავსს გატეხავენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84, 55), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24, 10), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6, 5), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69, 10), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22, 15), 8. ბექა გორგაძე (პო, 32, 35), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60, 55), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27, 173), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94, 65), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79, 60), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36, 25),14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14, 60), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8, 23).
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18, 5), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66, 5), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2, 0), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11, 10, 0), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6, 0), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88, 53), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11, 5).