ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამარჯვების გზაზე დააყენებს და „ოლდ ტრეფორდიდან“ არ გაუშვებენ. ნორვეგიელმა მწვრთნელმა გასული კვირა სამშობლოში გაატარა და ახლა დასვენებული შეუდგება საქმეს.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო.
უახლოესი ორი თამაში, რომელიც სულშერის ბედის გადაწყვეტაში დიდ როლს ითამაშებს ასეთია: შაბათს სტუმრად „უოტფორდთან“, მომდევნო კვირის შუაში კი ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის ბოლოსწინა მატჩი ვილიარეალში.
თუ „იუნაიტედი“ „ვილიარეალთან“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშება, სულშერის ყველაზე დიდი ქომაგებიც კი იძულებულები გახდებიან პოზიციები დათმონ.
მაგრამ, მწვრთნელი, რომელმაც შინ „ლივერპულთან“ 0:5, „მანჩესტერ სიტისთან“ კი 0:2 წააგო, ყინჩად არის. მერე რა, რომ „იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში მე-6 ადგილზეა და 11 ტურის შემდეგ „ჩელსის“ 9 ქულით ჩამორჩება. მერე რა, რომ „კარაბაოს“ თასიდან „ვესტ ჰემმა“ გააგდო.
წამყვანი ფეხბურთელების ჯგუფი კი იმედგაცრუებულია და სულშერის ტაქტიკას არ ემხრობა.
კლუბმა პოლ პოგბასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებაზეც ხელი აიღო.
პორტუგალიელები, კრიშტიანუ რონალდუ და ბრუნო ფერნანდეში დარწმუნებულები არიან, რომ გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობას გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში.
დონი ვან დე ბეეკსა და ჯესი ლინგარდს კი ვერ გაუგიათ, რატომ არ ათამაშებთ სულშერი. ორივე იანვრის სატრანსფერო ბაზარს ელის, „ოლდ ტრეფორდიდან“ რომ გაიქცეს.
თავის მხრივ, არც სულშერს ესმის, რატომ არ უფასებენ აქამდე გაწეულ სამუშაოს და რატომ სჯიან რამდენიმე კონკრეტული შედეგის მიხედვით. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2019-20 წლებში ხომ მესამე ადგილი მოიპოვა, 2020-21 წლებში კი მეორე, რაც პროგრესის მეტს სხვას არაფერს ნიშნავს.
გარდა ამისა, ნორვეგიელს ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდთან შეთანხმება აქვს, რომ ლუი ვან გაალისა და ჟოზე მოურინიუს „არამანჩესტერული ფეხბურთის“ შემდეგ, „იუნაიტედს“ თავის კალაპოტში დააბრუნებს, რასაც ცხადია, დრო სჭირდება.
მაგრამ, ფანებს გული ძალიან კონკრეტულ რამეზე ტკივათ: ოდესღაც ძლევამოსილ კლუბს რვა წელიწადია ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია და ამ ხნის მანძილზე ოთხი ხელმოცარული მწვრთნელი გამოცვალა. ახალ ფეხბურთელებში დახარჯული თანხა კი უკვე მილიარდ გირვანქას გაუტოლდა.
კლუბმა ბობოლა კლუბების მოფიქრებულ სუპერლიგის პროექტშიც სცადა მონაწილეობა, მაგრამ პროექტი ჩაფლავდა. „იუნაიტედის“ შეფებმა მდგომარეობის დასარეგულირებლად ფანებთან მოლაპარაკება სცადეს და ანტიგლეიზერული კამპანია მართლაც შეაჩერეს. მაგრამ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. კლუბის მეპატრონე ამერიკელთა ოჯახმა კარგად იცის, რომ თუ გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს, გულშემატკივარი ისევ აუხირდება.
სხვა გზა არ არის, კრიზისი მალე უნდა დამთავრდეს. მერე რა, რომ ფანებს სულშერი უყვართ და ის ლეგენდაა — 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარ ფინალში ისტორიული გოლი გაიტანა. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სათადარიგო გეგმა, რომელიც ამ ეტაპზე ასეთია: აუცილებლობის შემთხვევაში სულშერს „ლესტერ სიტის“ თავკაცი ბრენდენ როჯერსი შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ კლუბი მოედანს მიღმა, ფინანსურ საკითხებში მყარად დგას. პრობლემა მოედანზეა.
„უოტფორდთან“ და „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემთხვევაში სულშერის თავს შეყრილი ღრუბლები დროებით ალბათ გაიფანტება, მაგრამ საინტერესოა, რა მოხდება პირველივე მარცხის შემდეგ?





