პატრის ევრა ერთხელ კრიშტიანუ რონალდუს შინ ესტუმრა და ინანა.

გულშემატკივარს ეხსომება რომ ფრანგი ევრა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. მათ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც კრიშტიანუმ მეგობარი ლანჩზე დაპატიჟა, ევრას იმედი გაუცრუვდა.

მეორე მხრივ, „მონცას“, „ნიცას“, „მონაკოს“, „იუვენტუსის“, „მარსელისა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 81 თამაში აქვს ჩატარებული, ის დღე გონებაში ჩარჩა, როგორ რონალდუს საოცარი პროფესიონალიზმის მაგალითი.

„მინდა ყველას ვურჩიო, თუკი კრიშტიანუ შინ გპატიჟებთ, უბრალოდ უარი უთხრათ, — ღიმილით იგონებს 40 წლის ევრა, — მახსოვს, ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ მოვიდა და მითხრა:

– ეი, პატრიკ, წამოდი ჩემთან.

ძალიან დაღლილი ვიყავი და დავთანხმდი. სუფრას რომ მივუსხედით, ვხედავ, მხოლოდ სალათი და ქათმის თეთრი ხორცი დევს, ყოველგვარი შეკმაზის გარეშე. სასმელებიდან — წყალი. არანაირი წვენი.

ვჭამდით და მეგონა, რომ მალე ხორცის დიდი ნაჭრისგან დამზადებული კერძი შემოვიდოდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.

ჭამას რომ მორჩა, კრიშტიანუ მაგიდიდან წამოხტა და ბურთის თამაში დაიწყო. ცოტა კენწლა, მერე მითხრა:

– წამო, „ორი შეხება“ ვითამაშოთ.

– შეიძლება, ჯერ ჭამას მოვრჩე?

– არა, არა, წამო ვითამაშოთ.

სხვა რა გზა იყო. ვითამაშეთ. გული რომ იჯერა აუზში ცურვა შემომთავაზა. ამასაც დავთანხმდი. აუზს მოჰყვა ჯაკუზი და საუნა, შემდეგ კი არაქათი გამომეცალა. ბოლოს ვკითხე:

– კრიშტიანუ, აქ რატომ მოვედით? ხვალ რამე თამაში გვაქვს და ვემზადებით თუ უბრალოდ ლანჩზე დამპატიჟე?

აი, ამიტომაც გაფრთხილებთ, თუ კრიშტიანუ რონალდუ შინ დაგპატიჟებთ, არ წაჰყვეთ. უბრალოდ უარი უთხარით, რადგან ეს ბიჭი მანქანაა, რომელსაც არ უნდა რომ ვარჯიში შეწყვიტოს.

ხუმრობის გარეშე კი იმას გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს ყველაფერს, რაც მუხლჩაუხრელი შრომით აქვს მოპოვებული“.