გთავაზობთ წერილს, რომელიც ესპანურმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ გამოაქვეყნა. მისი ავტორია ჟურნალისტი ნაჩო სანჩისი. მისი სათაურია „მამარდაშვილი ისევ იღიმის”.

სეზონის საოცნებო სტარტის შემდეგ, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ შთაბეჭდილება მოახდინა, ესპანეთში ცნობილი გახდა და ყველას აჩვენა, რომ ვალენსიელთა მეორე გუნდის კი არა, ლა ლიგის დონეს შეესაბამება, მისი როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა და ის სათადარიგოთა სკამზე დასვეს. ქართველს 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. „ვალენსიას“ კარში ადგილი მას იასპერ სილესენმა წაართვა, მაგრამ ბოლო სანაკრებო კვირაში მამარდაშვილის სახეზე კვლავ დაბრუნდა ღიმილი.

ეს იმიტომ მოხდა, რომ მეკარე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებისა და იმავე კატეგორიის ინგლისის გუნდის შეხვედრაში ძელებს შორის თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა. ამ შეხვედრაში ყველაფერი სასიკეთოდ შემოტრიალდა. საქართველომ მოიგო 3:2, მამარდაშვილმა სრული 90 წუთი ითამაშა და გუნდმა ფრიად იზეიმა, რადგან ქართველებისთვის ეს შეხვედრა ამხანაგურზე მეტი იყო. მათი მიზანი ინგლისელების დამარცხება გახლდათ.

გიორგი თავდაპირველად საქართველოს დიდი ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც აგრეთვე ამხანაგურ შეხვედრაში უნდა ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ 21 წლამდელებში აღმოჩნდა, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ და თავად მეკარემ ჩათვალეს, რომ მისთვის ამ შეხვედრაში მონაწილეობა უფრო გამოსადეგი იქნებოდა. ორთვიანი უმოქმედობის შემდეგ ეს მისთვის ნამდვილად საჭირო იყო.

როგორც ვთქვით, კარში ჩადგომის შემდეგ მამარდაშვილის სახეზე ღიმილი დაბრუნდა, უახლოეს რამდენიმე კვირაში კი მისი ბედიც უნდა გადაწყდეს. „ვალენსიას“ აქვს მისი 250 000 ევროდ ყიდვის შესაძლებლობა, თუკი ამ შესაძლებლობით 1 იანვრამდე ისარგებლებს. კლუბი ამის გაკეთების სურვილს ამჟღავნებს, რაც უთხრა კიდეც ფეხბურთელის აგენტებს, რომლებიც ერთი ხნის წინ ვალენსიაში იყვნენ. მას მერე ამ საქმეში არანაირი პროგრესი არ ყოფილა, მაგრამ რაკიღა 2021 წლის ბოლომდე თვენახევარიღაა დარჩენილი, უკვე დროა მამარდაშვილის მომავალი გადაწყდეს და ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩა, ყურმილის აღება და თბილისის „დინამოში“ ოფიციალურად დარეკვაა.