რობერტო მანჩინიმ კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ მართალია იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური შესარჩევი შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოიპოვა, მაგრამ ის მაინც დიდი გუნდია, რომელიც „ყატარი 2022“-ზე ფლეი-ოფით მოხვდება და მერე ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს.

„სკუადრა აძურამ“ ჩრდილოეთ ირლანდიაში 0:0 ითამაშა, რის გამოც C ჯგუფში შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ამ ჯგუფში შვეიცარიის, იტალიისა და ჩრდილო ირლანდიის გარდა იყვნენ ბულგარეთი და ლიეტუვა. ადგილები ისე განაწილდა, როგორც ჩამოვთვალეთ.

ბოლო ტურში შვეიცარიამ ბულგარეთს 4:0 მოუგო.

„გაწბილებული ვარ, — თქვა მანჩინიმ ბელფასტში ფრის შემდეგ, — საკუთარ თავს ცხოვრება გავურთულეთ. ყატარის საგზური ჯერ კიდევ ორი ტურის წინ უნდა მოგვეპოვებინა. შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ახლა კეთილი უნდა ვინებოთ და მიწაზე დავბრუნდეთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს“.

2021 წელს ჩატარებული „ევრო 2020“-ის გამარჯვებულებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე ჩაატარეს, მაგრამ 8 თამაშიდან 4 ფრედ ითამაშეს. განსაკუთრებით დრამატული იყო წინა ტურის თამაში შვეიცარიასთან (5 მოგება, 3 ფრე), რომლის ბოლო წუთებზე „სკუადრა აძურას“ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ჟორჟინიომ პენალტი ააცილა და გუნდს სამი ქულის მოპოვების შანსი დააკარგვინა.

მანჩინიმ განაგრძო: „მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენ დიდი გუნდი ვართ. დიახ, ძნელია შეეგუო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა შენს ხელთ იყო და ეს შესაძლებლობა გაანიავე. ახლა, მარტამდე სიმშვიდე უნდა დავიბრუნოთ და ძველებურად თამაში განვაგრძოთ. დღეს ჩვენ ვეთამაშებოდით ჩრდილოეთ ირლანდიას, გუნდს, რომელიც მხოლოდ თავს იცავდა.

გარწმუნებთ, მარტში ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან შემდეგი ეტაპი ფლეი-ოფია. იქ, თამაშის და გამარჯვების მეტი შანსი იქნება.

ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. წინ ორი თამაშია, რომელთაც უეჭველად მოვიგებთ და მერე, მუნდიალზე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“.

იტალიისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების მწარე განცდა უცხო არ არის. „სკუადრა აძურამ“ 2018 წელს, რუსეთში გამართულ მუნდიალში ვერ მიიღო მონაწილეობა.

იტალიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად 1958 წელს გამოტოვეს. მაშინ, ისინი ფლეი-ოფში შვედებთან დამარცხდნენ.