26 ნოემბერს 2023 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველო უკრაინას უმასპინძლებს, 29-ში კი სტუმრად, ესპანეთში ითამაშებს. ჩვენები თებერვალში ორჯერ შეხვდებიან ჩრდილოეთ მაკედონიას: 24-ში თბილისში, 27-ში – სკოპიეში. ივნისში ესპანეთსა და უკრაინას დავუბრუნდებით და ჯგუფს დავხურავთ.
უკრაინა-ესპანეთთან სათამაშოდ ილიას ზუროსმა 18-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ერთკვირიან მოსამზადებელ პერიოდში ძირითად შემადგენლობას შეარჩევს.
ნაკრებში სამი ახალწვეულია: 19 წლის დინამოელი ფორვარდი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და ცხუმ-აფხაზეთის კალათბურთელები – 21 წლის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი და 22 წლის მსუბუქი ფორვარდი ნიკა ჩეჩელაშვილი.
არ იქნება ორი გამოცდილი კალათბურთელი – გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. ცინცაძემ მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა, ხოლო სანაძეს გადატანილი კორონავირუსის შემდეგ ფორმა არ აღუდგენია.
საქართველოს ნაკრებში ვერ ჩამოვლენ ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელები, რომლებიც ნბა-სა და სტუდენტურ კალათბურთში ირჯებიან.
რაც შეეხება ნატურალიზირებულ კალათბურთელს, ამ ეტაპზე თად მაკფადენი დაგვეხმარება.
უკრაინასთან მატჩის 12-კაციან შემადგენლობას ილიას ზუროსი მატჩის წინა დღეს, 25 ნოემბერს დაასახელებს. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
გამთამაშებლები: თედ მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ოთარ ფხაკაძე (ქუთაისი);
მსუბუქი ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), ნიკა გაფრიდაშვილი (დინამო), ნიკა ჩეჩელაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი);
ფორვარდები: მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (გრან კანარია 2, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (ცსკა, რუსეთი), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი, ესპანეთი), ბექა ბექაური (ბათუმი);
ცენტრები: ილია ლონდარიძე (ოლიმპი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (კაენი, საფრანგეთი), გიორგი თვალაბეიშვილი (რუსთავი).
მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.