Breaking News

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის

ალვარო მორატას მიერ თამაშის მიწურულს გატანილმა გოლმა ესპანეთს შვედეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (1:0), რის შედეგადაც „ლა როხამ“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. სევილიის „ესტადიო ლა კარტუხაზე“ B ჯგუფის ზედა ორი ადგილი ასე განაწილდა: პირველზე 19 ქულით ესპანეთი გავიდა, მეორეზე კი 15 ქულით შვედეთი. შვედებს ყატარში მოსახვედრად ფლეი-ოფში გამარჯვება მოუწვევთ.

შეხვედრა ნერვიულად მიმდინარებდა და ეს გასაკვირიც არც იყო, რადგან შესარჩევი შეჯიბრების ბოლო მატჩი ამ ორი გუნდისთვის ფაქტობრივად ფინალი გამოვიდა.

ესპანელების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთში ჩატარებულ თამაშთან (1:0) შედარებით სასტარტო შემადგენლობაში ექვსი კაცი შეცვალა. მიმომხილველები ყველაზე მეტად იმაზე ბჭობდნენ, ათამაშებდა თუ არა ენრიკე რაულ დე ტომასს და უფრო იქითკენ იხრებოდნენ, რომ არ ათამაშებდა, მაგრამ შეცდნენ — მწვრთნელმა დე ტომასი შემადგენლობაში დატოვა და მას თავდასხმაში დანი ოლმო შეუწყვილა. სხვა სიტყვებით, გამარჯვების გოლის ავტორი მორატა თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე, პაბლო სარაბიას ნაცვლად შევიდა.

წინა თამაშთან შედარებით სიახლე იყო დაცვის ორივე ფრთაზე — გამოჩნდნენ სესარ ასპილიკუეტა და ჟორდი ალბა, ნახევარდაცვაში კი როდრის ნაცვლად ვეტერანმა სერხიო ბუსკეტსმა დაიკავა ადგილი.

ესპანელებმა, რომელთათვისაც ბურთის ფლობა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი შვედმა ემილ ფორსბერგმა შექმნა ­— ააცილა.

თამაშის სცენარი არც შემდგომში შეცვლილა. კომბინაციების ჩახლართვას მასპინძლები ცდილობდნენ, ფორსბერგმა კი 30-ე წუთისთვის მორიგი მომენტი ვერ გამოიყენა.

ესპანელებმა ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში იყოჩაღეს. შვედებს შეეძლოთ მასპინძლების დაცვაში ნაპრალები ეპოვათ. 59-ე წუთიდან კი ლუის ენრიკემ შემადგენლობის გადახალისება დაიწყო. როგორც ზემოთ ვთქვით, მორატა სარაბიას ნაცვლად შევიდა, ხოლო დე ტომასმა ადგილი როდრიგო მორენოს დაუთმო. ამ ცვლილებებმა შედეგი გამოიღო, „ლა როხას“ შეტევები გამწვავდა, მაგრამ ბურთის ბადეში შეგდება პრობლემად რჩებოდა.

და ნუ დაგვავიწყდება, რომ შვედებსაც გამარჯვება სჭირდებოდათ, რადგან ორიოდ დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ისინი 2:0 დაამარცხა, რითაც ისე ქნა, რომ ფრე ესპანელებსა აძლევდათ ხელს. ამიტომ, სტუმრების თავკაცმა იან ანდერსონმა 73-ე წუთზე ალექსანდერ ისაკის ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიყვანა მოედანზე — სწრაფ კონტრშეტევებს ვეტერანი ბომბარდირის ზორბა ტანი და ჩაკიდებული ბურთების კარში შეგდების უნარი დაამატა.

ესპანეთმაც შეცვალა კიდევ ერთი ფეხბურთელი, მოედანზე კარლოს სოლერის მაგივრად მიკელ მორენო შეიყვანა, რითაც ბურთის ფლობის ხარისხის გაზრდა სცადა და ბოლოს მიაღწია მიზანს: 86-ე წუთზე ოლმოს დარტყმული ძელს მოხვდა, მორატამ კი დაამატა და გამარჯვების გოლი შეაგდო.

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.