მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა შვედეთის ნაკრებმა წააგო: საქართველოსთან 0:2 და ესპანეთთან 0:1. შედეგად, გუნდი რომელიც ამ მატჩებამდე B ჯგუფის ლიდერი იყო, მეორე ადგილზე გავიდა და იმისათვის, რომ გაისად ყატარში მოხვდეს, ახლა ფლეი-ოფი აქვს გადასალახი.

შვედების ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სევილიაში ესპანეთთან წაგების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ერთი შეცდომა დავუშვით, მათ კი დაარტყეს და ძელიდან ასხლეტილი ბურთი კარში შეაგდეს. არადა, ესპანელებზე უკეთესი მომენტები გვქონდა. სამწუხაროა. ნებისმიერ მეტოქესთან, თუკი სახიფათო მომენტებს ქმნი, უნდა გაიტანო კიდეც. ჩვენ აქედან ჭკუას ვისწავლით. ვიმეორებ, კარგად ვითამაშეთ. ახლა ვნახოთ, ვინ შეგვხვდება ფლეი-ოფში, თუმცა მანამდე დიდი დროა. ვინ იცის ფლეი-ოფები რომ მოვა საერთოდ ცოცხალი ვიქნები თუ არა“.

გულნატკენი იყო ემილ ფორსბერგიც, რომელმაც პირველ ტაიმში ორი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

„მაგრა ტეხავს (it sucks). ორი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენე. ბურთს სულ ესპანელები ფლობდნენ, მაგრამ მათ თამაშს გავუმკლავდით. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. ეს ჩვენი დღე არ იყო. შვედეთის ნაკრებს რაღაც „ჩემი ცხოვრების ისტორიების“ მაგვარი მემუარებში შესატანი თავგადასავალი გამოგვივიდა. ბურთს ცოცხალი თავით არ უნდოდა კარში შევარდნა“.

AS-მა კი იბრაჰიმოვიჩი მორიგ არაეთიკურ და არასპორტულ საქციელზე გამოიჭირა, რის დამადასტურებელი ვიდეოც ცალკე პოსტად დადო. ჩვენ ესპანური გამოცემის ამ კადრს ქვემოთ გთავაზობთ.

ფლეი-ოფები 2022 წლის მარტში გაიმართება.