იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ წარმოშობით ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების C ჯგუფის შეხვედრის მიწურულს პენალტიდან ბურთი შვეიცარიელთა კარის ხარიხას ააცილა, რის შედეგადაც ბოლო ტურში პირველ ადგილზე გასვლის შანსი ერთ გუნდსაც დარჩა და მეორესაც.

„სტადიო ოლიმპიკოზე“ ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, როგორც იტალიას, ასევე შვეიცარიას 7 თამაშიდან 15 ქულა აქვთ. გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ამ ეტაპზე პირველ ადგილზე „სკუადრა აძურა“ წერია. ბოლო ტურში იტალიელები ჩრდილოეთ ირლანდიაში მიდიან, შვეიცარიელები კი ბულგარეთს მასპინძლობენ.

მატჩში, რომელშიც ჟორჟინიომ პენალტი ვერ გაიტანა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ეს შვეიცარიელთა ეროვნული გუნდის დებიუტანტმა ნოა ოკაფორმა მე-11 წუთზე გააკეთა და 4 წუთში კინაღამ მეორეც შეაგდო. ამის შემდეგ ნიკოლო ბარელას შეეძლო ანგარიშის გაქვითვა, მაგრამ მეკარე იან სომერმა აუღო.

თამაშის დაწყებიდან 36 წუთი რომ გავიდა, „სკუადრა აძურამ“ ჯარიმიდან ჭკვიანური გოლი გაიტანა — ლორენცო ინსინიემ ჩააწოდა, ხოლო ჯოვანი დი ლორენცომ შედეგიანად დაარტყა.

შესვენების შემდეგ იტალიელებმა განსაკუთრებით მოინდომეს, ინიციატივას და ბურთს ფლობდნენ, მაგრამ ბევრი გამოსარჩევი მომენტი არ შეუქმნიათ. შვეიცარიელები ჩინებულად იცავდნენ თავს.

მასპინძელთაგან სახიფათოდ და დაახლოებით ერთნაირად დაარტყეს ემერსონმა და ფედერიკო კიეზამ, მაგრამ ააცილეს მიზანს. ბოლო წუთზე კი, როგორც მოგახსენეთ, მათ საუცხოო შესაძლებლობა მიეცათ, რომელიც ჟორჟინიომ გაანიავა.

რობერტო მანჩინი: „ჟორჟინიომ თავად მოინდომა პენალტის დარტყმა და სწორედაც მოიქცა, რადგან ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პენალტისტია… სამწუხარო ის არის, რომ მეორე ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთ“.

ამის გარდა, იტალიის ნაკრების მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ახლა მათ მთელი ყურადღება ჩრდილო ირლანდიასთან თამაშისკენ უნდა მიმართონ. მატჩი ორშაბათს, 15 ნოემბერს, ბელფასტის „უინძორ პარკზე“, საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. იმავდროულად ლუცერნის „სვისპორარენაზე“ დაიწყება შვეიცარიისა და ბულგარეთის შეხვედრა.