ვინაიდან საქართველოს ნაკრების შვედეთთან გამარჯვების სიხარული ჯერ არ გაგვნელებია, ერთხელაც გადავხედოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფს, სადაც შვედებს საქმე გაურთულდათ და კვირას სევილიაში ესპანეთის დამარცხება სჭირდებათ. თუ ვერ მოიგებენ, პირველ ადგილზე ესპანეთი გავა და „ყატარი 2022“-ის ავტომატურ საგზურს მოიპოვებს, სკანდინავიელებს კი დამატებითი წვალება მოუწევთ. ფრე ესპანელებისაა.

იმ დღეს, როდესაც საქართველომ შვედეთს აჯობა (2:0), „ლა როხამ“ ათენში ბერძნებს მოუგო (1:0). როგორც AS წერს, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს მილოცვის შემდეგ პირველი რაც უთხრა ეს იყო: ბოლო ტურში შვედეთთან ფრეზე არც იფიქროთ!

ორ ფეხბურთელს ჟურნალისტებისთვის მოუყოლია: „მან გვითხრა, რომ შვედებთან ჩვეულებრივ, ჩვენთვის ჩვეული სტილით უნდა ვითამაშოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქე მის ნახევარზე უნდა გამოვკეტოთ, ვითამაშოთ მაღალი პრესინგი და ბურთი ვაკონტროლოთ“.

არც თავად მწვრთნელს დაუმალავს გეგმები: „ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ, ფრეზე ფიქრია. მესმის, მეტოქესაც ის ურჩევნია, რომ ჩვენ შევუტიოთ, თავად კი კონტრშეტევაზე გამოგვიჭიროს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს სტილს არ უნდა ვუღალატოთ. ეს დიდი შეცდომა იქნება“.

AS-ის აზრით, ენრიკე არ ამბობს, მაგრამ ეტყობა, რომ ბოლო თამაში ანერვიულებს. ამის მარტივი დადასტურება გახლავთ ის, რომ მან ბერძნებთან სერხიო ბუსკეტსი და ჯორდი ალბა დაასვენა. მათ თითო ყვითელი ჰქონდათ და მწვრთნელმა აღარ გარისკა. როგორც ჩანს, ის განსაკუთრებით, „ბუსის“ (ბუსკეტსს) უფრთხილდება.

ახლა, როდესაც „ბუსის“ ამბავი გარკვეულია და ასტურიელ მწვრთნელს გული საგულეს აქვს, მან უნდა გადაწყვიტოს კიდევ ერთი ამოცანა — შვედებთანაც ორი თავდამსხმელით ითამაშოს თუ არა. ფაქტია, ენრიკე „ესპანიოლის“ ფორვარდით რაულ დე ტომასით ათენში ძალიან კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის 27 წლის ფეხბურთელს შვედებთანაც ათამაშებს. დე ტომასი ალვარო მორატასთვის ფლანგებიდან ათავისუფლებდა სივრცეებს, თუმცა გოლი მაინც სარაბიამ გაიტანა, ისიც პენალტით. სხვა საქმეა, რომ ეს სარაბიასთვის უკვე ზედიზედ მეხუთე გატანილი თერთმეტმეტრიანია და AS ხარობს, რომ „ლა როხამ“ როგორც იქნა კარგი პენალტისტი შეარჩია.

ხუთშაბათის თამაშის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები ათენში დარჩა და პარასკევსაც იქ ივარჯიშა.