დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები შვედეთს მასპინძლობს, ესპანეთი საბერძნეთში თამაშობს. ესპანელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, „ვალენსიას“ ყოფილი და „მანჩესტერ სიტის“ ახლანდელი თავდამსხმელი, 21 წლის ფერან ტორესი ამ დღეებში ხორხე ვალდანოს გადაცემას Univesro Valdano-ს სტუმრობდა. სხვა თემებთან ერთად, საუბარი ფორვარდის ვალენსიურ პერიოდსაც შეეხო. მოგეხსენებატ, „ვალენსიაში“ ტორესის ასაკის ქართველი გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო მეკარეა. გთავაზობთ, ამონარიდებს ამ საუბრიდან.
…„ვალენსია“ ჩემი კლუბია. მომავალში მინდა, რომ დავბრუნდე. „ვალენსიაში“ ბევრი წელიწადი მაქვს გატარებული, თუმცა კრიტიკის გამო რთული პერიოდიც მქონდა. და მაინც, ჩემი კლუბი „ვალენსიაა“…
…„მანჩესტერ სიტიში“ გადავედი როგორც გარემარბი და იქ ფორვარდი გავხდი. ისეთ მწვრთნელთან, როგორიც არის პეპ გვარდიოლა, ტაქტიკურ ცოდნას ღრუბელივით ვიწოვ. კარის წინ თავს ჩინებულად ვგრძნობ. გოლის გატანა საუცხოო გრძნობაა…
…მანამდე კი იყო მოლაპარაკებები „ვალენსიასთან“ კონტრაქტის განახლების შესახებ. მე შესანიშნავი სეზონი ჩავატარე და მწამდა, რომ მეტს ვიმსახურებდი. არაფერს ვნანობ. ახლა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა…
…დიახ, კაპიტნობის მოთხოვნას შეიძლებოდა დიდი კონფლიქტი გამოეწვია, რადგან გუნდში იყვნენ ვეტერანები, რომლებიც ასაკის მიხედვით სამკლავურს ჩემზე მეტად იმსახურებდნენ, მაგრამ იმასაც არ დავმალავ, რომ მე ამ როლისთვის მზად ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, მე ვალენსიელი ვარ…
…ჩემი მიზანი მუდმივი წინსვლა და განახლებაა. ამიტომ, როდესაც პეპ გვარდიოლასა და „მანჩესტერ სიტის“ სახით ახალი შესაძლებლობა მომეცა, ხელიდან არ გავუშვი…
…„ვალენსიას“ მთავარ გუნდში როგორ ამიყვანეს? ინდოეთში, ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წამიყვანეს, 17 წლის ვიყავი და ფაქტობრივად მოუმზადებელმა ძალიან კარგად ვითამაშე. რომ დავბრუნდი, აგენტმა მითხრა, რომ ამიერიდან პირველი გუნდის ფეხბურთელი ვიყავი…