დღეს, საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასკვნით მატჩს შვედეთის ეროვნულ გუნდთან ბათუმში ითამაშებს.
ჩვენებისთვის ამ მატჩს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მონდიალზე გასვლის შანსი კარგა ხნის წინ დავკარგეთ. დაკარგულია მესამე ადგილიც, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესარჩევი ეტაპის წინ დაუგეგმა.
მისია შეუსრულებელია, თუმც ჩვენს გუნდს მხოლოდ კარის გაჯახუნება და შვედეთისთვის საქმის გაფუჭება შეუძლია. მსგავსი რამ საქართველოს 30 წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ აქვს გაკეთებული – ერთხელ შოტლანდიასთან და ერთხელაც იტალიასთან.
სანიოლი ამბობს, რომ ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და კოსოვოსთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ ხასიათიც გამოუკეთდათო, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია.
ამასთან, სკანდინავიელებთან საეჭვოა თორნიკე ოქრიაშვილის თამაში, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. გადაჭრით ვერ გვეუბნებიან იქნება თუ არა ოქრიაშვილი განაცხადში, მაგრამ უფრო არ უნდა ველოდოთ.
შვედებს კი მონდიალზე წასვლა სურთ და მათ გეგმებში წაგება არ შედის. სკანდინავიელები ძალიან მოტივირებულნი არიან. შიგადაშიგ საქართველოს ნაკრებსაც აქებენ და საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევენ.
ბათუმში ჩვენი გუნდი ზედიზედ მესამე მატჩს ითამაშებს. აჭარაში ნაკრების მატჩების ჩატარებას ჰქონდა გამართლება – ფეხბურთი რეგიონებსაც სჭირდება, თუმც წინა ორ მატჩს აზრი დაუკარგა იმ ფაქტმა, რომ სტადიონზე მაყურებლები არ დაუშვეს. ამჯერად სტადიონზე გულშემატკივარი იქნება, მაგრამ მხოლოდ ტევადობის 33%. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის გულშემატკივარი საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებიდან უკვე დაიძრა. რაც უფრო ახლოვდება მატჩის დაწყების დრო, ეს ბათუმის ქუჩებში სულ უფრო და უფრო იგრძნობა.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება…





