იტალია, შოტლანდია და ახლა უკვე შვედეთი. ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელსაც დიდ ტურნირზე მოხვედრა პრობლემად ვუქციეთ და საქმე გავუფუჭეთ. ახლა სკანდინავიელებმა ესპანეთს სტუმრად უნდა მოუგონ, ანაც ფლეი-ოფის გზით იწვალონ მუნდიალზე მოსახვედრად.
არადა, დღეს დავწერეთ წინათქმაში, თუ ვერაფერს ვაკეთებთ, გავაფუჭოთ მაინცო. და ახდა… საქართველოს ნაკრებს მსგავსი გამონათებები აქვს, თუმცა – იშვიათად. დღეს სწორედ ეს დღე იყო და შვედებს არც ამაში გაუმართლათ.
არადა, პირველ ტაიმში სკანდინავიელებმა გიორგი ლორია „დახვრიტეს“ – იანე ანდერსონის შეგირდებს რვა ზუსტი დარტყმა ჰქონდათ. ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთები დავით ხოჭოლავამ და ვაკო გვილიამ. თავად შვედებსაც უმტყუნათ მიზანმა და…
მეორე ტაიმში მოედანზე სხვა საქართველო იდგა – გუნდი შეტევაშიც კარგად გადადიოდა და გოლებიც გაიტანეს. პირველი გოლი კი, დამუშავებული კომბინაციის შემდეგ გავიდა. მართალია, დამატებითი წვალებით, მაგრამ კარგად მოფიქრებული კომბინაციის შემდეგ. გოლი კვარაცხელიასი იყო.
მეორე გოლი ხვიჩამ მარტო შექმნა, მცველებში გაძვრა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეუსრულა.
საერთოდ, კვარაცხელია საუკეთესო იყო მოედანზე, გოლებიც გაიტანა, პასებიც კარგად ანაწილა, მეტოქის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა.
ვერც ლორიას დავუკარგავთ ჩინებულ გარჯას: რამდენჯერმე გვიხსნა.
თურმე შეგვძლებია…





