
დამსახურებული ინგლისელი მწვრთნელი ნილ უორნოკი 72 წლისაა. ის 41 წლიან კარიერაში სარეკორდო 1603 შეხვედრაში გასძღოლია 18 გუნდს, მათ შორის „მიდლსბროს“, „ქუინზ პარკ რეინჯერსს“, „ლიდს იუნაიტედს“, „შეფილდ იუნაიტედსა“ და „კარდიფ სიტის“. და აი, როდესაც უორნოკს პრემიერლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) ხუთი ყველაზე დიდი მწვრთნელის დასახელება სთხოვეს, მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავკაცისთვის სერ ალექს ფერგიუსონისთვის მხოლოდ მეოთხე ადგილი გაიმეტა.
talkSPORT-თან ინტერვიუში ნილ უორნოკმა თქვა: „მას მერე, რაც პრემიერლიგა დაარსდა, ჩემთვის ნომერი პირველი არსენ ვენგერია. მიზეზი აშკარაა: მან ინგლისში თანამედროვე ფეხბურთელზე შეხედულება შეცვალა. ვენგერმა ჩვენთან უამრავი სიახლე შემოიტანა. მის გამოჩენამდე არავინ ლაპარაკობდა დიეტოლოგიაზე, ფიზიკური მომზადების სპეციალისტებზე, საწვრთნელ პროცესში ვიდეოსა და სხვა ტექნოლოგიების დანერგვაზე. მას მერე რაც ვენგერი პრემიერლიგაში გამოჩნდა, ინგლისში ფეხბურთის კურსი შეიცვალა.
მეორე ადგილზე პეპ გვარდიოლას დავასახელებდი. მან არნახული გავლენა იქონია მასობრივ ფეხბურთსა და დაბალ ლიგებზე.
მესამე ადგილზეა იურგენ კლოპი, რადგან ის ჯერ გზის დასაწყისშია და მწამს, მომავალში კიდევ უფრო მეტს მიაღწევს. მე მომწონს მისი მსოფლმხედველობა. მომწონს, რაც გააკეთა ლივერპულში, თუნდაც ბავშვთა დონეზე. ვფიქრობ, კლოპს სულ მცირე ათი წელიწადი წინ აქვს.
მეოთხე სერ ალექსია. მე მას ჟოზე მოურინიუზე წინ ვაყენებ, რადგან ის უფრო დიდი ხნის განმავლობაში აღწევდა წარმატებებს.
ფერგიუსონი იმ ეპოქიდან არის, როდესაც გუნდს მენეჯერი ერთპიროვნულად მართავდა და მის უკან სხვადასხვა სპეციალობის მქონე ასისტენტების მთელი შტაბი არ მუშაობდა. ერთპიროვნულ მართვაში სერ ალექსი ალბათ უბადლო იყო“.
შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცამეტჯერ მოაგებინა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული.
უორნოკი, რომელიც „მიდლსბროდან გასულ უქმეებზე წავიდა, კარიერის განმავლობაში 14 სხვადასხვა ლიგის გუნდს ედგა სათავეში. მას ნონ ლიგის კლუბებშიც კი არ უთაკილია ოფლის დაღვრა, რადგან იქ ტალანტებს ეძებდა და მათი სწორ გზაზე დაყენებით იყო შეპყრობილი.
„მიყვარს, როდესაც ფეხბურთელი ჩემ ხელში უკეთესად იწყებს თამაშს, — თქვა უორნოკმა, — მიყვარს, როდესაც ცუდ მოთამაშეს საშუალოდ ვაქცევ, ხოლო საშუალოს კარგად.
მე გუნდებს არ ვიწუნებ და არ ვფიქრობ, რომ ერთი კლუბი მეორეზე დიდია. არც ჩემი თავი მიმაჩნია ვინმეზე ნაკლებ მწვრთნელად. ვუყურებ სხვებს და ვფიქრობ, რომ მე მათ ვჯობივარ“.





