ეს უკვე დეჟავიუ იყო: გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომლის კარს კვლავ იასპერ სილესენი იცავდა, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იგივე გაიმეორა, რაც 23 ოქტომბერს „მალიორკასთან“ გააკეთა — ორი გოლით ჩამორჩენილმა, მსაჯის წამატებულ წუთებში ანგარიში გაათანაბრა. სამი ტურის წინ, 93-ე წუთზე გაიამ შეაგდო, 97-ზე კი გუედეშმა, ხოლო გუშინ, როგორც 91-ე ასევე 95-ე წუთზე უგო დურომ გამოიჩინა თავი.

დაახლოებით ასეთივე ამბავი მოხდა 25 სექტემბერს „ბილბაოსთან“, როდესაც მარკოს ანდრემ 90+5 წუთზე გაქვითა — 1:1. ის თამაშიც „მესტალიაზე“ გაიმართა.

ამ სამი ფრით ხოსე ბორდალასის გუნდმა სამი ქულა გადაარჩინა და ცხრილში 17 ქულით „ბარსელონას“ გვერდზე, მე-10 ადგილზეა. ვინ იცის, ამ სამმა ქულამ სეზონის ბოლოს რა როლი ითამაშოს, თუმცა „ღამურების“ მწვრთნელი უკმაყოფილებას არ მალავს.

ბორდალასი: „სასიხარულო არაფერია, რადგან ეს ის არ არის რაც ჩვენ გვინდა. მე თამაშის სხვა სცენარი მჭირდება. ჩვენ თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ. ეს ლა ლიგაა. აქ 13 შეხვედრაში 20 გოლი არ უნდა გქონდეს გაშვებული“.

ლა ლიგას ცხრილში „ვალენსიაზე“ მეტი, 25 გოლი, მხოლოდ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ლევანტეს“ აქვს გაშვებული.

საინტერესოა, რომ „ვალენსიას“, რომელმაც, როგორც ვთქვით, მიმდინარე სეზონში 20 გოლი გაუშვა, 21 აქვს გატანილი და მათგან 6 თამაშის მიწურულს, როდესაც მატჩის ბედი გადასარჩენი იყო. ამ ექვსიდან ხუთი, „ჩეებმა“ მსაჯის წამატებულ წუთებში შეაგდეს.