საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ კი ლიდერობდა და ბოლო მატჩში, ესტონეთის ნაკრებთან ფრეც აწყობდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოპოვებული 4-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მეორე შესარჩევი ეტაპის საგზური ბალტიისპირელებს დაუთმო.
პირველი ტაიმი ჩვენებმა 16:15 მოიგეს, მეორე ტაიმში კი, უპირატესობას ზრდიდნენ და 45-ე წუთზე საქართველოს ნაკრები 24:20 იყო დაწინაურებული. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებსაც პრობლემები შეექმნა და…
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ხუთი გოლი გაუშვა და ესტონეთი წინ გავიდა – 25:24. მდევრის როლში მყოფმა საქართველომ ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო და მატჩი 27:31 წააგო.





