საქართველოს ფეხებურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე ვილი სანიოლმა თქვა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის მიზანი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება იქნებოდა, მაგრამ ახლა საქმე ისე მიდის, შესაძლოა, ბოლოც დარჩეს. მწვრთნელი კი ცოტა არ იყოს უცნაურად იქცევა, თითქოს თავს იმართლებს და შვედეთთან შესარცევ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენციაზე ამბობს:
„შედეგი, რომელიც ბოლო მატჩებში გვქონდა, გულდასაწყვეტია. ცუდ შედეგზე პირველი პასუხისმგებელი ყოველთვის მწვრთნელია. იყო შესაძლებლობა, რომ რაღაც სხვანაირად გაკეთებულიყო. მაგალითად, კოსოვოს, ბათუმური მატჩის წინ, სხვანაირად დავხდით… მოუმზადებელი, უმოტივაციო ფეხბურთელები დავინახე. კოსოვოსთან გასვლით თამაშში ბიჭები მონდომებულები იყვნენ და დავინახეთ, რომ თუ ბოლომდე დავიხარჯებით, მოგების კარგი შანსი გვექნება. მარტის სანაკრებო პერიოდი ძალიან კარგი იყო, სექტემბერი – ცუდი, ამაში გეთანხმებით. ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი, პელე და მარადონა, მაგრამ გვაქვს ის სულისკვეთება, რომლითაც ბოლომდე დახარჯვა და ყველა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია“, – თქვა სანიოლმა.
ფეხბურთელების გამოძახებაზე სანიოლთან პრეტენზია არ გვაქვს. მასზე ადრე ჩვენ ვიცოდით რა ფეხბურთლებიც გვყავს. თუმცა, სანიოლმა გამოძახებულ ფეხბურთელებზე მაინც ისაუბრა.
„ფეხბურთელების გამოძახებისას ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი. შემადგელობა კონკრეტული მეტოქიდან და იმ პერიოდში ფეხბურთელების ფორმიდან გამომდინარე უნდა შეარჩიო. ფეხბურთი რომ მხოლოდ შემადგენლობის დაყენება და ქაღალდზე გვარების ჩამოწერა იყოს, მაშინ საჭირო არ ვიქნებოდი. ვცდილობ, ვიყო სამართლიანი და გადაწყვეტილებები მივიღო გულითა და გონებით. გარდა ამისა, არის ფიფას წესები და ამ დედლაინის დარღვევა არ შემიძლია. სწორედ ვადების გათვალისწინებით შემადგენლობის დასახელება მოხდა მანამდე, ვიდრე ქვილითაია ორ გოლს გაიტანდა. მინდა, უფრო თავდაჯერებული იყოს. ამასთან, ნიკა კაჭარავაც იმსახურებს შანსის მიცემას. მიმაჩნია, რომ ვინც იმსახურებს, ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს ნაკრებში თამაშის საშუალება. არ შემიძლია გუნდში 10 თავდამსხმელის გამოძახება. საჭიროა ბალანსის დაცვა. ქვილითაია რომ მომეწვია, შესაძლოა ვინმეს ეკითხა, რატომ არ გამოვიძახე მიქაუტაძე, ან პირიქით. ქვილითაიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა“, – აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.
სანიოლმა თავის ამბიციებზეც თქვა.
„მსურდა, შესარჩევი მესამე ადგილზე, ან უფრო მაღალ საფეხურზე დაგვესრულებინა. ფეხბურთი არ არის 6-თვიანი პროექტი, ხარისხისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება. წინ გველის მნიშვნელოვანი თამაშები – მაგალითად, ერთა ლიგაში. თუმცა, ახლა, მხოლოდ შესარჩევი ციკლის კარგად დასრულებაზე ვფიქრობთ. ისევე, როგორც უზბეკეთთან ტესტ-მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. გუნდში ვითხოვ დისციპლინას, მათ შორის სათამაშო დისციპლინას. დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრები უახლოეს წლებში უფრო ძლიერი გახდება და ვფიქრობ, როცა კარგად და თავდაუზოგავად იმუშავებ, არც შედეგი დააყოვნებს. გრძელვადიან პერსპექტივაზე ვერ ვისაუბრებ, ეს უფრო ფედერაციის საქმეა, მაგრამ ხანგრძლივი პროექტები ნაკრებში უფრო ნაკლებად არსებობს“, – დასძინა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში, შვედეთს დაუპირისპირდება, 15 ნოემბერს კი გორში, ამხანაგურად, უზბეკეთს გაეჯიბრება.





