სანაკრებო პერიოდის გათვალისწინებით, წამყვან მოთამაშეთა დეფიციტი საფრანგეთის ტოპ 14-შიც აღინიშნა. ამის გამო იყო, რომ მე-10 ტურში მხოლოდ 7-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.
„ლა როშელმა“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი „ბორდო“ მარტივად – 26:3 დაამარცხა, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ლექსო ყაულაშვილი იყო. ქართველმა ბურჯმა 45-ე წუთამდე ითამაშა.
„პომ“ „ბიარიცი“ 33:21 დაამარცხა. სტუმრებში გიორგი ნუცუბიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო ლუკა აზარიაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა.
„სტად ფრანსემ“ შინ „ მონპელიესთან“ 27: 31 წააგო და ბონუსს დასჯერდა. ვასილ კაკოვინი პარიზელთა სასტარტ ოში იყო და 65-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა 79-ეზე დაბრუნება მოუხდა.
„ტულუზმა“ კი „ პერპინიანს“ 37:15 მოუგო, ბონუსიც მიითვალა და გათამაშების ლიდერობა დაიბრუნა. კატალონიელთა შორის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა გიორგი თეთრაშვილმა.
„ბრივი“ კი ერთადერთი ქართველის, სოსო ბეკოშვილის ამარა დარჩა, თუმცა „რასინგ-92“-ს მაინც სძლია – 12:10. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ბურჯმა პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა და გარდა ამისა, მოედანზე დასკვნითი 4 წუთის გატარებამაც მოუწია.