როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, „ბარსელონას“ სრული კოლაფსი სჭირს. და ეს არის რეალობა, რომელსაც „ბარსას“ უახლეს ისტორიაში ყველაზე სასურველი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი შეეჯახება.
ამის ჩინებული მაგალითი იყო გუშინ, ვიგოში, სადაც გუნდი, რომელიც პირველ ტაიმს 3:0-ს იგებდა, მეორე ტაიმში საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და… სამი გოლი გაუშვა.
„სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ მოშლა სინამდვილეში შესვენებამდე დაიწყო, როდესაც ანსუ ფატი დაშავდა და მოედანი დატოვა. ფატის კუნთი დაუზიანდა. საოცრად არ უმართლებს ამ 19 წლის ფეხბურთელს. ერთ ტრავმას მოიშუშებს თუ არა, მეორე იქვეა ჩასაფრებული. ის, ასაკის მიუხედავად, ვარსკვლავი და დღევანდელი „ბარსელონას“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მაგრამ ნამდვილი ლიდერობის ეშხში ვერა და ვერ შევიდა. წამდაუწუმ რაღაც ემართება.
მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ერთი ფეხბურთელის გასვლამ კატალონიელთა გუნდი ფაქტობრივად მოარყია, თავისთავად მრავლისმეტყველია.
ვიგოსა და ბარსელონას შორის 900 კილომეტრზე მეტია. და იქ, კატალონიის დედაქალაქში, ტელევიზორთან იჯდა ყატარიდან ახლად ჩამოფრენილი კაცი, რომელსაც ჯერ მგზავრობის დაღლა და აკლიმატიზაცია არ ჰქონდა გავლილი და უყურებდა იმას, რასაც ამიერიდან რამე უნდა მოუხერხოს. ის, „ბარსელონას“ მწვრთნელის თანამდებობაზე გასული ღამის 2 საათზე დანიშნეს.
ჩავი პირველი ტაიმით ალბათ კმაყოფილი დარჩა. მან ნახა ახალგაზრდა ფეხბურთელების მონდომება და ოსტატობა. როგორც „სპორტი“ წერს, ეს ახალგაზრდები — გავი, ერიკი და ანსუ — ნაცვლად იმისა, რომ ჯერ კიდევ „ბლაუგრანას“ მომავალს წარმოადგენდნენ, უკვე აწმყო არიან, რადგან სხვა აწმყო არ არის.
მეორე ტაიმში კი „ბარსა“ ძალიან ცუდი მხრით დაენახა ახალ თავკაცს. ეს იყო კოორდინაციის არქონის, უყურადღებობის, უადგილო გადაწყვეტილებების მიღების და უფხოობის მთელი კასკადი, რომლის დანახვაც მის გულშემატკივრებს აღარ უნდათ და სწორედ ჩავი ერნანდესს შეჰყურებენ იმედით.
ბარსელონელთაგან გოლები გაიტანეს ფატიმ, ბუსკეტსმა და დეპაიმ, ვიგოელთაგან კი იაგო ასპასმა, ნოლიტომ და ისევ იაგო ასპასმა. ასპასმა თამაშს წერტილი 90+6 წუთზე დაუსვა.





