საშემოდგომო ტესტ-მატჩების პირობებში პრო დ2-ის კლუბებს შემადგენლობებში შექმნილი ნაპრალების შევსება უწევთ და ამ ვითარებამ ორ ახალგაზრდა ქართველს სეზონური დებიუტის აღნიშვნის შესაძლებლობა მისცა.

კოტე  მიქაუტაძის ნაკრებში გამგზავრების გამო „ბაიონს“ შემადგენლობაში ესპუარის, 21 წლის ლადო ჩაჩანიძის დაწინაურება მოუხდა. 2-მეტრიანი მეორეხაზელი „მონ-დე-მარსანთან“ საშინაო მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ამ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო – გათამაშების ლიდერთა ჯახი სტუმრებმა 33:14 მოიგეს და ერთპიროვნულად დარჩნენ ცხრილის სათავეში. ჩაჩანიძისთვის კი ეს იყო პირველი მატჩი პროფესიულ დონეზე.

სეზონში პირველი მატჩი ნიკა ღვალაძემაც ჩაატარა, რომელსაც პრო დ2-ში თამაშის გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ მის გარდა ალპელთა შემადგენლობაში კიდევ 3 უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი ბურჯი თამაშობს, ამდენად 22 წლის ღვალაძეს თამაში არ უწევს ხოლმე. თუმცა ნიკას სეზონური დებიუტი უიღბლო როგორც მისთვის გამოდგა, ისე მისი გუნდისთვისაც. 54-ე წუთზე ილია კაიკაციშვილის ნაცვლად თამაშში ჩართულ ახალგაზრდას ზუსტად ერთ წუთში ყვითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო გრენობლელებმა „პროვანსთან“ 13:19 წააგეს. პირველი ხაზის მარცხენა მხარეც სრულად ქართული იყო – სასტარტო ლუკა გოგინავა გახლდათ, ვისაც 66-ეზე ზურა ჟვანია ჩაენაცვლა.

მესამე დებიუტი კი კოლომიეში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „კარკასონთან“ 16:17 წააგო. სტუმართა გუნდში ბოლო 5 წუთი 20 წლის კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა ითამაშა. ნორჩმა ქართველმა, ჩაჩანიძის არ იყოს, ასევე პირველად ითამაშა დიდი რაგბი.

„ბეზიემ“ აუტსაიდერ „ნარბონს“ უმასპინძლა და 34:18 სძლია. გამარჯვებულთა შორის გიორგი ახალაძემ 46-ე წუთიდან ითამაშა.

„ბრესანმა“ შინ „ოიონასთან“ 8:49 წააგო და მის სასტარტო შემადგენლობაში ვაჟა კაპანაძე იყო, ვინც 50 წუთი ითამაშა.

და ბოლოს, თორნიკე მატარაძის „ნევერმა“ გიორგი ქართველიშვილის „ორიაკი“ ბონუსით, 37:3 გაანადგურა. ქართველიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და მატარაძე შერკინებაში მის პირისპირ 49-ე წუთიდან მოყოლებული იდგა.