გარეთ საუთგეიტმა მოყვა, რომ სამი ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრებში თამაშისგან თავს იკავებს. ერთ-ერთი მათგანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი, რომელმაც სექტემბერში მწვრთნელს შვიდი(!) თამაშიდან განთავისუფლება სთხოვა.
ოქტომბერში, „დორტმუნდში“ მოთამაშე ჯუდ ბილინგემმაც ითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებიდან გაშვება, თუმცა დღეს ის შეკრებაზეა. ბილინგემი 18 წლისაა.
„ჩელსის“ 20 წლის ფრთის მოთამაშე კალუმ-ჰადსონ ოდოი კი ამ ეტაპზე 21 წლამდელებში თამაშს არიდებს თავს.
ინგლისის ნაკრებს 12 ნოემბერს ალბანეთთან, ხოლო თხუთმეტში სან მარინოსთან ელის შეხვედრები.
საუთგეიტი: „სექტემბერში „იუნაიტედს“ ვეწვიეთ, სადაც მეისონ გრინვუდთან და მის ოჯახთან გვქონდა საუბარი. შევთანხმდით, რომ მეისონის ნაკრებში გამოძახებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებდით და მას შემოდგომის შეხვედრებისგან გავათავისუფლებდით.
რასაკვირველია, ასეთ დროს მოთამაშე რისკავს. მისი ადგილი შეიძლება სხვამ დაიკავოს, მაგრამ გრინვუდი ახალგაზრდაა და იმედი ვიქონიოთ, რომ დრო აქვს. გეგმა კი ასეთია: თუ ის ამ ხნის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითადში დამკვიდრდება, მაშინ ეროვნული გუნდის გაფართოებული ან სულაც მთავარი შემადგენლობის წევრად ჩავთვლით.
გრინვუდმა მკაფიოდ გვითხრა, რომ მას ნაკრებში თამაში უნდა, ამიტომ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ეს ყველაფერი მის მიერ თავის დასაძვრენად არის მოგონებული. ჩვენ მეისონს გავუგეთ და მისი თხოვნა გავითვალისწინეთ“.
შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდი ის ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებში პირველად ისლანდიასთან გამოიძახეს და… ფილ ფოდენთან ერთად იქვე გააგდეს შეკრებიდან. მიზეზი: ეროვნული გუნდის სასტუმროში ქალები მიიყვანეს. თან, იმხანად covid 19-ის მკაცრი რეგულაციები იყო დაწესებული.
გრინვუდის შემდეგ, საუთგეიტმა ბილინგემის შესახებ ილაპარაკა:
„წინაზე ბილინგემმა გვითხრა, რომ დასვენება სჭირდებოდა. რასაკვირველია, როდესაც ახალგაზრდა თავისი პრობლემით მოდის, უნდა მოუსმინო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის მეტად ნიჭიერია და ახლა უხარია ისევ ნაკრებში რომ არის“.
რაც შეეხება ჰადსონ-ოდოის, „ჩელსის“ მოთამაშე დიდი ნაკრების მოთხოვნებს ჯერ ვერ აკმაყოფილებს.
საუთგეიტი: „ჩვენ გვინდოდა, მას 21-წლამდელებში ეთამაშა, მაგრამ თავად არ ინება; თქვა, მაშინ აჯობებს „ჩელსიში“ დავრჩეო. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის თავის მოსაწონებლად ერჩივნა ახალგაზრდულში გამოსულიყო“.