„რეალმა“ „შახტარს“ 2:1 მოუგო. ერთი შეხედვით, მადრიდელებს დიდი ჯაფა არ დასდგომიათ, მაგრამ მეორე მხრივ, დაცვაში ცდებოდნენ და შეხვედრის განმავლობაში ფანტაზიას მოკლებული პერიოდებიც ჰქონდათ.

ახლა, ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში „ლოს ბლანკოსი“ 9 ქულით პირველ ადგილზეა. მას მოსდევს 7 ქულიანი „ინტერი“, შემდეგ მოდის „შერიფი“ 6 ქულით და ბოლოს „შახტარი“, რომლის მარაგში მხოლოდ 1 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „შახტარს“ უკრაინაში 5:0 მოუგო.

წუხანდელ შეხვედრაში ორივე გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, როდესაც ვინისიუს ჟუნირმა დონეცკელთა დაუდევრობით ისარგებლა, მეტოქის მცველს ბურთი მოჰპარა და დაუცველი კარის წინ მდგომ ბენზემას მიუგორა, რომელმაც ის ბადეში უბრალოდ შეაგორა.

ეს გახლდათ „რეალის“ მეათასე გოლი ჩემპიონთა ლიგაში.

პირველი ტაიმის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე „შახტარმა“ ანგარიში გაქვითა. ბრაზილიელმა ალან პატრიკმა თანამემამულე ფერნანდოს მკერდით ჭკვიანურად დაუგდო ბურთი, მან კი მოძრაობაში, ძლიერი დარტყმით ის ტიბო კურტუას კარში შეჭედა.

მეორე ტაიმის მე-16 წუთზე მადრიდელებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს (რომელსაც ვიდეოზე გთავაზობთ) და ბენზემამ გამარჯვების გოლი შეაგდო.

მატჩის შემდეგომ, „მარკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში „რეალის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ყურადღება ტრიბუნებიდან წამოსულ სტვენასა და ობსტრუქციაზე გაამახვილა.

„მშვენივრად მესმის რატომაც გვისტვინეს. მადრიდული ატმოსფერო ჩემთვის ნაცნობია. „სანტიაგო ბერნაბეუ“ ის სტადიონია, სადაც ძალიან ბევრს ითხოვენ.

ჩვენ ორივე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე მოვუკელით. აგრესიულობა გვაკლდა. ასეთი რაღაცები ხდება და კარგია, როდესაც ფანები სტვენით გაფხიზლებენ“.

შემდეგ, ანჩელოტის ტიბო კურტუას, ვინისიუსისა და ქარიმ ბენზემას შესახებ ჰკითხეს.

„სრული სიმართლეა, ისინი თანაგუნდელებს შორის გამოირჩეოდნენ, — თქვა იტალიელმა, — ჩამოთვლილებს გარდა კარგად ითამაშეს დავიდ ალაბამ და ედერ მილიტაომ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა „რეალი“ „რეალია“ და ის ძლიერია როგორც გუნდი“.