ანტონიო კონტე „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელად დაინიშნა. ახლა ის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ქვეყანაში მუშაობის უფლებასღა ელოდება და შემდეგ იმ ადგილიდან გააგრძელებს, სადაც მისი წინამორბედი ნუნუ ესპირიტუ სანტო გაჩერდა.

ეს გახლავთ პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილი, 5 მოგებითა და 5 წაგებით — ფრის გარეშე.

იტალიელმა „დეზებთან“ 18 თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულებაში, თანამშრომლობის 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივაცაა ჩაწერილი. ამ წლების განმავლობაში კონტე 20 მილიონ გირვანქას მიიღებს.

* ამწუთას ცნობილია, რომ ბრიტანეთის „ჰოუმ ოფისმა“ „ტოტენჰემის“ ახალ მწვრთნელს ქვეყანაში მუშაობის უფლება წესით დღეს უნდა მისცეს, რის შედეგადაც კონტე გუნდს ხუთშაბათს, კონფერენციის ლიგაზე, ჰოლანდიურ „ვიტესთან“ შეხვედრაში უხელმძღვანელებს.

* სამშაბათს „ინტერის“ ყოფილმა თავკაცმა უკვე შეკრიბა თავისი ახალი ფეხბურთელები და პირველად ნახა ისინი ვარჯიშის დროს.

* ჩრდილო ლონდონელთა ვარსკვლავი ჰარი კეინი აღფრთოვანებულია, რომ მათ გუნდს სუპერ-კლასის სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

* იანვარში კონტეს ახალი მოთამაშეების დასამატებლად შეზღუდულ თანხებს გამოუყოფენ. ამასთან, ის აპირებს გაყიდოს რამდენიმე ფეხბურთელი, რათა შემოსული ფული ისევ სატრანსფერო ბაზარზე დახარჯოს.

* ანტონიო კონტეს „ფიორენტინას“ 21 წლის სერბი თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩის გადაბირება სურს.

კონტეს და მის ექვს ასისტენტს უნდოდათ სამშაბათს გუნდის ვარჯიში არა მხოლოდ ენახათ, არამედ ჩაეტარებინათ კიდეც, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება არ ჰქონდათ.

სამაგიეროდ, იტალიელისთვის ლაპარაკის უფლება არავის შეუზღუდავს და მანაც რამდენჯერმე მიმართა თავის ახალ ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს.

„დეზების“ ახლმა თავკაცმა ღამეები „სფურზის“ ბაზაზე გაათენა.

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავმჯდომარეს დენიელ ლევის ანტონიო კონტეს სამსახურში აყვანა ზაფხულშივე უნდოდა, მაგრამ მაშინ იტალიელმა თავი შეიკავა.

„ზაფხულში ჩვენს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან „ინტერიდან“ ახალი წამოსული ვიყავი და ახლი გუნდისთვის ემოციურად არ გახლდით მზად. მინდოდა, ეს სეზონი დამესვენა, მაგრამ დენიელ ლევის ენთუზიაზმმა და თავდადებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, — თქვა ანტონიო კონტემ.