საფრანგეთის უძლიერესი სარაგბო ლიგის მორიგი ტური ერთობ ბარაქიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენებურთა მონაგარმა 22 ქულა შეადგინა და 22-ვე ქულა ერთ მატჩში გაკეთდა.

„კასტრმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და უაღრესად დრამატულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა. 28-ე წუთზე მასპინძელთა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩვეულ სტილში, ბურთის რაქიდან ატაცებითა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დამიწებით სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამასობაში კი თედო აბჟანდაძე საპირისპირო მიმართულებით კარში ბწყინვალედ ურტყამდა.

No description available.საბოლოოდ თედომ თავისი გუნდის 22 ქულიდან საკუთარ ანგარიშზე 17 ჩაიწერა – 5 ზუსტ საჯარიმოს ერთი გარდასახვაც მიაყოლა. საერთოდაც, ეს დღე ბორჯთალოსანი მგეზავისა იყო – შეუცვლელად ჩატარებულ მატჩში 7-დან 6 დარტყმა ქულებად აქცია და „ბრივს“ ბონუსი მოუტანა.

ჩილაჩავა კი სეზონში პირველად იყო „კასტრის“ სასტარტოში და 48 წუთიც ითამაშა. „ბრივში“ თედოს გარდა კიდევ 4 ქართველი იყო და ყველა – ბორჯღალოსანი. ლუკა ჯაფარიძემ „ბრივთან“ კონტრაქტი რამდენიმე დღით ადრე 2025 წლამდე გაახანგრძლივა და კასტრში კარგი განწყობით ჩავიდა. ის სასტარტოში იყო და 50-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა შეხვედრის ბოლო 6 წუთის თამაშმაც მოუწია – ტრავმირებული შემცვლელის მაგივრად. ოთარ გიორგაძემ 8 ნომრად 71-ე წუთამდე ითამაშა, ვასილ ლობჟანიძემ – 61-მდე, ხოლო ვანო კარკაძემ – სრული მეორე ტაიმი.

„ტულონმა“ „ბიარიცს“ 13:9 მოუგო და ბონუსიც გაატანა. მასპინძელთა სასტარტოში ბექა გიგაშვილი იყო, რომელმაც 68-ე წუთამდე ითამაშა. ბასკურ გუნდში კი ლუკა აზარიაშვილმა პირველიდან 65-ემდე ითამაშა და ზუსტად 65-ე წუთზე შეცვლაზე გიორგი ნუცუბიძე და თორნიკე ჯალაღონია შევიდნენ.

„პომ“ „სტად ფრანსეს“ 18:9 მოუგო და გამარჯვებულთა შორის 8 ნომრად 80-ვე წუთი ბექა გორგაძემ ითამაშა. გიორგი მელიქიძემ პარიზელთა რიგებში საწყისი 50 წუთი გაატარა.

„პერპინიანმა“ „ლა როშელს“ უმასპინძლა და მოულოდნელი 4 ქულა მიითვალა – 24:13. დუდუ ქუბრიაშვილი კატალონიელთა შორის 62-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გურამ პაპიძე სტუმართა სასტარტოში იყო და 49-ემდეც ითამაშა.

No description available.„მონპელიემ“ „ლიონს“ მოულოდნელად დიდი სხვაობით მოუგო (30:8), მაგრამ ბონუსი მაინც ვერ მიიღო. მიხეილ ნარიაშვილი მასპინძელთა შორის 49-ე წუთზე გამოჩნდა, გამოჯანმრთელებული გელა აფრასიძე – 51-ეზე, ხოლო „ლიონის“ ქართული ლეგიონი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბექა საღინაძეს წინა დღეს 23 წელი შეუსრულდა და მან ეს ამბავი შესანიშნავი თამაშით აღნიშნა. ბექამ 80-ვე წუთი ითამაშა, ხოლო დავით ნინიაშვილმა გარემარბის პოზიციაზე – 10 წუთით ნაკლები. 19 წლის ბორჯღალოსანი 67-ე წუთზე გაასინბინეს, თორემ მასაც სრული მატჩი გამოუვიდოდა. უკვე გაწითლებულ დროში კი სინბინით აფრასიძე დაისაჯა. მთლიანობაშიც მატჩი უხეში გამოდგა – რეფერის ყვითელი ბარათის ამოღება 6-ჯერ მოუწია.

„ბორდომ“ 25:9, ბონუსით დაამარცხა „კლერმონი“ და პირველ ადგიზე აღზევდა. ახალგამომცხვარი ლიდერის სასტარტოში ლექსო ყაულაშვილი იყო,  რომელიც 48-ე წუთზე დაასვენეს, მაგრამ 75-ეზე კვლავ უხმეს სათამაშო მინდორზე.

პირველობას აქამდე „ტულუზი“ ლიდერობდა, მაგრამ პარიზში „რასინგ-92“-თან 18:27 წაგებამ 31 ქულა დაუტოვა მაშინ, როცა ბორდოელებს 33 აქვთ. დედაქალაქელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა მოედანი 61-ე წუთზე დატოვა.