„პარი სენ ჟერმენის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის ახლანდელი ვარსკვლავი კილიან მბაპე გააკრიტიკა და რჩევაც უწყალობა.

რჩევა ფაქტობრივად თავად გახლდათ კრიტიკა: „გარშემო ის ხალხი შემოიკრიბე, ვინც გეტყვის, რომ საკმარისად ძლიერი არ ხარ. ასეთ შემთხვევაში უფრო ძლიერი გახდები“.

იბრაჰიმოვიჩმა „პარკ დე პრენსზე“ 2012-16 წლები გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 156 გოლი გაიტანა.

„მბაპე ჩემს საუკეთესო ათეულშია, — მთლად კეთილი სიტყვის გარეშეც არ დატოვა შვედმა ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი, — არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ადგილს მწვერვალზე. ახლგაზრდებზე კი რა გითხრათ, აბა… ერთი ერლინგ ჰოლანდია და მეტი ვინ? ნუ, სადაც იბრაჰიმოვიჩია, იქ სხვებზე ლაპარაკი აღარც არის საჭირო“.

22 წლის კილიან მბაპეს გასულ ზაფხულს „პარი სენ ჟერმენიდან“ „რეალში“ უნდოდა გადასვლა და როდესაც პარიზულმა კლუბმა დასჯის მიზნით ტოკიოს ოლიმპიადაზე არ გაუშვა, განაწყენდა.

საფრანგეთის ლიგა ერთის ბოლო ტურში პსჟ-მ ბოლო წუთს მოახერხა „ლილის“ დამარცხება 2:1, მაგრამ ამ შეხვედრაში მბაპეს ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციის გამო არ უთამაშია.

„ლილთან“ შეხვედრის გამო პარიზელებს დიდი კრიტიკა დაატყდათ თავს. კრიტიკა არც მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს დაკლებია, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კი უკმაყოფილოებს ასეთი პასუხი გასცა:

„ამ ეტაპზე ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს დაუსრულებელი კრიტიკაა. ვფიქრობ, მეტისმეტი მოსდით“.

რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, მან თქვა, რომ დღეს „პარი სენ ჟერმენი“ გუნდი არ არის.

„იქნებ მერე გახდეს… მე მისი მწამს. მაგრამ, ამწუთას საუკეთესო ნამდვილად არ არის“.