სერხიო აგუერო შაბათს, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასა“ და „ალავესის“ შეხვედრის (1:1) პირველი ტაიმის მიწურულს მოედანზე დაწვა და მკერდზე იკიდებდა ხელს. ის შეცვალეს და გამოსაკვლევად საავადმყოფოში წაიყვანეს. როგორც კატალონიური გამოცემა „სპორტი“ იუწყება, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვეტერანს არითმია ჰქონდა. ახლა დასადგენია, რამ გამოიწვია „ინდეპენდიენტეს“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელის ორგანიზმში ეს კარდიოლოგიური პრობლემა.

გაზეთი წერს, რომ პრემიერლიგის ხუთგზის ჩემპიონი და არგენტინის ნაკრების 101 შეხვედრის მონაწილე (41 გოლი) მშვიდად არის, თუმცა ხვდება, რომ არითმიასთან ხუმრობა არ შეიძლება.

ფაქტია, რომ ის გამოტოვებს „ბარსას“ შეხვედრას კიევის „დინამოსთან“. ეს გახლავთ მატჩი, რომელიც კატალონიელებმა უნდა მოიგონ თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე უნდათ გასვლა.

აგუერო „ბარსელონაში“ „მანჩესტერ სიტიდან“ გასულ ზაფხულს გადავიდა და მყესის ტრავმის გამო ახალ გუნდში დებიუტი გვიან, 17 ოქტომბერს „ვალენსიასთან“ ჰქონდა.

„ბარსელონას“ შემადგენლობაში პირველი გოლი არგენტინელმა 24 ოქტომბერს, „ელ კლასიკოში“ გაიტანა.