გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ რეგიონულ დერბიში 2:0 მოუგო „ვილიარეალს“. გიორგის კვლავ არ უთამაშია, გუნდის კარს ჯასპერ სილესენი იცავდა.

მატჩის შემდეგ, „ღამურების“ თავკაცმა ხოსე ბორდალასმა თქვა:

„გახარებულები ვართ. დღევანდელი გამარჯვება ქულების გარდა, სხვა მიზეზებითაც არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდებოდა. „ვალენსიას“ გულშემატკივარს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამის ნახვა უნდა. მათ უნდათ ჰყავდეთ გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებს, რომლის ფეხბურთელებიც მხარში უდგანან ერთმანეთს, თამაშს მართავენ, ცვლიან.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო გოლი არ გაგვეშვა. ბოლო შეხვედრებში მეტოქეებმა ბევრი გაგვიტანეს, არადა, გოლს რომ გაუშვებ, მერე მოგება ძნელდება.

დღევანდელ შეხვედრაში მოწინააღმდეგის მიერ შექმნილ მომენტს  ვერც კი ვიხსენებ. ერთადერთი ეპიზოდი ის იყო, სილესენმა რომ მოიგერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაცვაში კარგად ვითამაშეთ“.