კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 3:0 ძლევით მანკუნიანელთა უხეირო პერიოდი დამთავრდება.

ლონდონში ჩასულ „იუნაიტედს“ შინ, „ლივერპულთან“ წაგებული 0:5 და სტუმრად, „ლესტერთან“ ნაწვნევი 2:4 უმძიმებდა გულს. სასწორზე იდო მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის თანამდებობაც, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს საკითხი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. როგორც ირკვევა, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებმა ნორვეგიელს სამთამაშიანი ვადა დაუთქვეს. „ტოტენჰემთან“ გამარჯვება ამ სამი თამაშიდან მხოლოდ პირველი იყო.

რონალდუს, რომელმაც „დეზების“ კარში ჩინებული პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ედინსონ კავანის კომფორტული პასით ანგარიში ორამდე გააზრდევინა, კარგად ესმის, რომ მას და მის თანაგუნდელებს ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდებათ, მაგრამ იმასაც არ გამორიცხავს, რომ მათ „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ ფურცელი გადაშალეს.

„ძნელი პერიოდი გვქონდა. „ლივერპულთან“ და „ლესტერთან“ ასეთ შედეგებს არ ველოდით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა“, — უთხრა პორტუგალიელმა „სქაი სპორტს“.

თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და სულშერს შემდეგ კვირაში სერიოზული გამოცდა ელით. სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, მათ „ატალანტასთან“ უწევთ თამაში, შაბათს კი არც მეტი, არც ნაკლები მანჩესტერული დერბი აქვთ.

რონალდუ ამბობს, რომ მწვრთნელი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვისაც კრიზისული პერიოდი უნდა დაბრალდეს.

„ყველამ იცის თავად რა როლი აკისრია გუნდში. ხელის მხოლოდ მწვრთნელისკენ გაშვერა სწორი არ არის. ნორმალურია, როდესაც თავიანთ წილ პასუხისმგებლობას კლუბშიც ინაწილებენ და კრიტიკა ფეხბურთელებსაც გვეხება. ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს მოხდა შემთხვევითობა არ ყოფილა. ჩვენ სტუმრად 3:0 მოვიგეთ რთულ მეტოქესთან, რითაც ძალიან გახარებულები ვართ“, — თქვა 36 წლის ვარსკვლავმა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ, ყველა შეჯიბრების 10 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

მან დასძინა: „კლუბი დიდი მექანიზმია და მის მუშაობას კრიტიკა ყოველთვის ახლავს. მე ამას დიდად არც განვიცდი, რადგან 18 წელია ფეხბურთში ვარ და კარგად ვიცი, რომ თუკი ერთ დღეს ყველაფერი კარგად მიდის, მეორე დღეს საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს.

რასაკვირველია, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ხალხი გაქებს, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ ხდება. არის ცუდი დღეებიც და ჩვენ ისინი უნდა გადავაგოროთ“.

მანჩესტერელთა მესამე გოლი ნემანია მატიჩის პასით მარკუს რეშფორდმა თამაშის მიწურულს, 86-ე წუთზე გაიტანა.

მანჩესტერელთა სიხარულის მიუხედავად, ინგლისურ პრესაში გამოქვეყნდა ისეთი სტატიებიც, რომელთა ავტორები ამბობენ, რომ „ტოტენჰემი“ იმ დონის გუნდი არ არის, „იუნაიტედს“ მასთან გამარჯვება რთული გამოცდის ჩაბარებად რომ ჩაეთვალოს.