„რაგბი ევროპის“ სუპეერთასის ეგიდით გასამართი მატჩი კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „შავ ლომს“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი უკვე ჩვეულია – COVID-19.
როგორც ცნობილია, რუსეთში პანდემიური მდგომარეობა უკიდურესადაა გამწვავებული და ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები ჩვენი სარაგბო გუნდის ზედ გამგზავრებამდე დაწესდა.
საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძვანელობა „რაგბი ევროპას“ და რუსეთის რაგბის ფედერაციას დაუკავშირდა და ბოლოს „შავ ლომს“ რუსეთში შესვლის ნებაც დართეს, ოღონდ ეს ამბავი პარასკევს გვიან ღამით გადაწყდა, ანუ გამოდიოდა, რომ სოჭში ღამე ჩაფრენილ ქართველებს ადგილობრივი დროით 12 საათზე თამაში მოუწევდათ.
ასეთ ვითარებაში ჩვენებმა ყველა მხარეს თამაშის ერთი დღით გადავადების თხოვნით მიმართეს. ყველა დათანხმდა… „ენისეის“ გარდა. ციმბირელებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს – შაბათს 12-ზე და მორჩაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თამაში არ ჩატარდა, მისი გამართვის ახალი თარიღი მოგვიანებით დადგინდება.





