ლა ლიგის მე-12 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შინ, „მესტალიაზე“, „ვილიარეალს“ მასპინძლობს. „ღამურებს“ ზედიზედ 7 თამაშია არ მოუგიათ.

„ვილიარეალთან“ შეხვედრას დერბის დატვირთვაც აქვს, რადგან ქალაქი ვილია-რეალი ვალენსიის ავტონომიურ თემში შედის. „ვილიარეალს“ უნაი ემერი წვრთნის.

„ვალენსიას“ თავკაცს ხოსე ბორდალასს ორი გამოჯანმრთელებული ფეხბურთელი უბრუნდება. მოედანზე იქნებიან ტიერი რენდალი და კარლოს სოლერი, რომელმაც წინა, „ბეტისთან“ 1:4 წაგებული თამაში, ბოლო წამს წარმოქმნილი პრობლემის გამო გამოტოვა.

დღევანდელ შეხვედრაში ბორდალასის თერთმეტეული დიდი ალბათობით ასეთი იქნება:

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ბოლო ტურებში ბევრ გოლს უშვებს, კარს კვლავ 32 წლის გამოცდილი ჰოლანდიელი იასპერ სილესენი დაიცავს. სილესენს ერთი შეხედვით უხეში შეცდომები არ მოსდოს, მაგრამ დიდი მხსნელიც არ არის.

დაცვაში მარჯვნივ იქნება ტიერი, შუაში ალდერეტე და პაულისტა, მარცხნივ კი კაპიტანი ხოსე ლუის გაია.

ნახევარდაცვის გულში სავარაუდოდ ისევ ის დუეტი იტრიალებს ვინც „ბეტისთან“ იყო მოედანზე: გუილამონი და ვასი. მარჯვნივ დადგება ზემოთ ნახსენები სოლერი, მარცხნივ — უგო დურო.

თავდამსხმელთა წყვილი კი იგივე იქნება, მაქსი გომესის არყოფნაში რომ თამაშობს: მარკოს ანდრე და გონსალო გუედეში.

წუხანდელ პრეს-კონფერენციაზე ბორდალასმა თქვა: „რასაც ბოლო ტურებში ვყურებთ, ის „ვალენსია“ არ არის, რომლის ნახვაც ყველას გვინდა. ამით პირველ რიგში მე ვარ უკმაყოფილო. ჩემი გუნდები როგორ წესი უფრო საიმედოები არიან. ეს სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს და მებრძოლი გუნდი ჩამოვაყალიბოთ“.