ვალენსიას“ კარს „ბეტისთანაც“ ჯასპერ სილესენი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუმცა, ვინ იდგება „ღამურების“ კარში, ქართველი გულშემატკივრისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კი „ვალენსიას“ კრიზისის პერიოდი უდგას — აგერ უკვე შვიდი თამაშია არ მოუგია (ბოლოს 12 სექტემბერს, პამპლონაში გაიმარჯვა „ოსასუნასთან“ 4:1. იმ მატჩში გუნდის კარს ქართველი გოლკიპერი იცავდა), არადა წინ „ვილიარეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „რეალ სოსიედადთან“ ელით თამაშები.
„ბეტისმა“ „ვალენსიას“ 4:1 მოუგო.
მატჩის შემდეგ გაწბილებულმა ბორდალასმა თქვა: „ეს იყო ნაბიჯი უკან. რასაკვირველია, ისეთ დიდებულ გუნდთან, როგორიც არის „ბეტისი“ შეიძლებოდა წაგვეგო, მაგრამ ასე არ უნდა დავმარცხებულიყავით. ჩვენი გულშემატკივარი ამას არ იმსახურებს. ჩვენ გაბრაზებულები ვართ. აქ კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით, კარგადაც ვიყავით მომზადებული, მაგრამ შედეგი დამზაფვრელი გამოვიდა.
მართალია, პირველი ტაიმი 1:2 წავაგეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე იმ განწყობით დავბრუნდით, რომ მდგომარეობა გამოგვესწორებინა, მაგრამ მესამე გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. ჩვენ ჩავიძინეთ და მატჩის ბოლომდე გვეძინა. მეტოქემ მეოთხეც გაგვიტანა… 4:1 ძალიან დიდი ანგარიშია.
კარიერაში ბევრი რამ გადამიტანია, მაგრამ ჩემს გუნდს ცუდი შედეგები ამდენი ხანი რომ ვერ გამოესწორებინა, სულ ერთი-ორჯერ მომხდარა. ამის გამოსწორება ერთადერთი გზით შეიძლება — გუნდი ასეთი მყიფე არ უნდა იყოს. ახლა, კარს მომდგარი სამი თამაში მაღელვებს. ვალდებულები ვართ ცუდ შედეგებზე შესაბამისი რეაქცია გვქონდეს. შაბათის შეხვედრისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.
გუნდში კარგი ატმოსფეროა. პასუხისმგებელი, როგორც ხელმძღვანელი, ცხადია მე ვარ. ფეხბურთელები მუშაობენ, მე კი პასუხს ვაგებ.
დაცვას სერიოზულად უნდა მივხედოთ. ბოლო ტურებში ბევრი გოლი გავუშვით. მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. შეჯიბრება ჩვენ ხომ არ დაგვიცდის.
მტკიცე მენტალიტეტი და უკეთესი ფიზიკური მომზადება გვჭირდება. გულშემატკივართა წინაშე ზურგზე დიდი პასუხისმგებლობა გვაწევს. ვითარების შეცვლა ჩვენი ვალდებულებაა“.