„ბარსელონას“ მოთმინება გამოელია. მადრიდში, „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ კლუბის დირექტორატმა რონალდ კუმანი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კუმანის გაშვებაზე კარგა ხანია ლაპარაკობდნენ, მაგრამ მას მერე, რაც „კამპ ნოუზე“ „ელ კლასიკოში“ მარცხს (1:2) მადრიდის გარეუბნის გუნდთან წაგებაც მოჰყვა, „კამპ ნოუზე“ ჩათვალეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
მაშ ასე, ჰოლანდიელის ეპოქა დასრულდა. ახლა მთავარი კითხვა ასეთია: ვინ შეცვლის მას? ამბობენ, რომ ფავორიტი ბარსელონელთა ლეგენდა ჩავი ერნანდესია, რომელიც ყატარში „ალ სადს“ უდგას სათავეში.
რაკიღა სიტყვა ლეგენდა ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელობის წლებში კუმანიც „ბარსელონას“ ვარსკვლავი იყო. ის სწორედაც ლეგენდა გახლავთ, რომელმაც 1992 წელს, „უემბლიზე“, ჩემპიონთა თასის (ახლანდელი ლიგის) ფინალში, დამატებით დროში, „სამპდორიას“ კარში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და კატალონიურ კლუბს ისტორიაში პირველად მოაგებინა ევროპული ფეხბურთის უდიდესი ტიტული.
ბარსელონელთა სამწუხაროდ, ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით მათმა კლუბმა 2020-21 წლების სეზონში ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს, 2021-22 წლების სეზონის დასაწყისი კი უბრალოდ კატასტროფული გამოდგა.
2 ოქტომბერს, „ატლეტიკოსთან“ თამაშის წინ, „ბარსას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გამოაცხადა, რომ როგორც არ უნდა დასრულებულიყო მატჩი, კუმანს თანამდებობაზე დატოვებდა. ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, გუნდის საქმეები ცუდად წავიდა.
რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ 67 შეხვედრა ჩაატარა და ესპანეთის „სამეფო თასი“ მოიგო.