„ბარსელონა“ დეკემბერში „ბოკა ხუნიორსთან“ დიეგო მარადონას თასზე თამაშს დაყაბულდა. ეს იქნება გენიალური ფეხბურთელის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის პირველი გათამაშება.
„ბლაუგრანამ“ ამ შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი ოქტომბრის დასაწყისშიც გამოთქვა, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ სურვილი იყო, ახლა კი ყველაფერი შეთანხმებული და დამტკიცებულია.
მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში 14 დეკემბერს გაიმართება. დაწყების საათს მოგვიანებით გადაწყვეტენ.
დიეგო მარადონას თასის უკან დგას თურკ ალ-შეიხი, კაცი, რომელიც საუდის არაბეთის გართობათა მთავარი სამმართველოს პრეზიდენტი და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „ალმერიას“ პატრონია.
„ბარსას“ და „ბოკას“ შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შემდეგ უწევს. ლა ლიგაში ის ემთხვევა „ოსასუნასა“ და „ელჩესთან“ თამაშებს შორის პერიოდს. ცნობისთვის: ლა ლიგა საშობაო არდადეგებს 20 დეკემბრიდან იწყებს.
დიდი დიეგო მარადონა „ბოკა ხუნიორსში“ 1981-82 წლებში გამოდიოდა. ბუენოს აირესის ამ კლუბის სახელით მან 40 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. „ბოკადან“ დიეგო „კამპ ნოუზე“ გადაბარგდა. ეს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის შემდეგ მოხდა. კატალონიელებს არგენტინელი სარეკორდო თანხა, 7,6 მილიონი დოლარი დაუჯდათ.
„ბარსელონას“ მაისურით მარადონამ ესპანეთის ჩემპიონატის 36 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა(!), 1984 წელს კი „ნაპოლიში“ გადავიდა.