სერხიო აგუერომ თამაშის მიწურულს სხვაობა შეამცირა, მაგრამ, როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, „ბარსელონას“ ანგარიშის გასათანაბრებლად კი არა, მორიგი შეტევის წამოსაწყებადაც კი აღარ ჰქონდა დრო. „ბლაუგრანამ“ ზედიზედ მეოთხე „კლასიკო“ წააგო.

„რეალს“ 9 თამაშის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლა ლიგის ცხრილს, 10 მატჩიდან 21 ქულით „რეალ სოსიედადი“ ლიდერობს, „ბარსა“ კი 9 შეხვედრიდან 15 ქულით მისთვის უხერხულ მეცხრე ადგილზეა.

მასპინძლებმა „კამპ ნოუზე“ თამაში მაღალი პრესინგით დაიწყეს, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

21-ე წუთზე, „რეალი“ პენალტს ითხოვდა — ოსკარ მინგუესამ ვინისიუს ჟუნიორი საჯარიმოში თითქოს წააქცია, მაგრამ მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ წესები არ დარღვეულა.

ამის შემდეგ „ბარსელონას“ შეეძლო გოლის გატანა. მემფის დეპაიმ მარცხენა ფრთაზე კარგად ითამაშა და სერჯინიო დესტს გადააწოდა. ამერიკელი მადრიდელთა საჯარიმოში სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩენილიყო, მაგრამ… მიზანს ააცილა.

ათი წუთის შემდეგ კი „რეალი“ დაწინაურდა. დავიდ ალაბამ დეპაის თავის საჯარიმოსთან აართვა ბურთი, წამოიწყო კონტრშეტევა, რომელშიც ვინისიუსი და როდრიგო მონაწილეობდნენ, ბოლოს კი ბურთი ისევ ალაბას დაუბრუნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე თავდამსხმელის პოზიციაზე გასულიყო. ავსტრიელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ბრწყინვალე დარტყმით გაუტანა.

შემდეგ მასპინძლებმა სცადეს გაქვითვა, მაგრამ ჟერარდ პიკემ თავურით ვერ შეაგდო, ანსუ ფატის კი მცველებმა აჯობეს და დარტყმა დაუბლოკეს.

შესვენების შემდეგ თამაში გაიხსნა და სანახავადაც უფრო საინტერესო გახდა. აქეთ ტიბო კურტუამ აუღო ანსუ ფატის, იქით ტერ შტეგენმა ფერლანდ მენდის.

ზოგადად, ბურთს უფრო „ბარსა“ ფლობდა, მაგრამ მომენტებს „რეალი“ ქმნიდა. ჯერ იყო და მასპინძელთა მცველები ლუკა მოდრიჩის დარტყმას გადაეფარნენ, შემდეგ ტერ შტეგენმა ქარიმ ბენზემას აუღო. ამას კი მოჰყვა მომენტი, როდესაც „რეალის“ ფრანგი ფორვარდისთვის აცილებაზე ადვილი გატანა იყო, მაგრამ ბენზემას ბედმა ზურგი შეაქცია.

რონალდ კუმანმა მდგომარეობის გამოსასწორებლად მოედანზე აგუერო და ლუკ დე იონგი შეიყვანა, მაგრამ 90+3 წუთზე, კონტრშეტევით ისევ მადრიდის გუნდმა შეაგდო გოლი: ტერ შტეგენმა მარკო ასენსსიოს დარტყმულს კარგად გაართვა თავი, მაგრამ ლუკას ვასკესს ვერავინ დაასწრო და მან ანგარიში გაზარდა.

სულ ბოლოს, როგორც გითხარით, აგუერომ გაიტანა და კატალონიელ გულშემატკივარს ცოტა გული მოფხანა.

კუმანისთვის ეს მესამე წარუმატებელი „ელ კლასიკო“ გახლდათ.