ჟოან ლაპორტას ლეო მესის „ბარსელონადან“ გაშვების გამო მუდმივად უწევს საყვედურების მოსმენა. შაბათს, კლუბის გენერალურ ასამბლეაზე მას პარტნიორებმაც დაუსვეს ეჭვნარევი კითხვები. მეტიც, სამმა დელეგატმა კატეგორიული ტონით მოითხოვა სიმართლე არგენტინელის „კამპ ნოუდან“ წასვლის შესახებ.

ლაპორტამ განმარტა: „ჩვენ სახელფასო ფონდის გაზრდის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. აუდიტიც გვეუბნებოდა, რომ ეს არ იქნებოდა კარგი აზრი. იმისათვის, რომ მესის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა, ლა ლიგას საინვესტიციო ფონდ CVC-თან თანამშრომლობაზე უნდა დავთანხმებოდით, რასაც ვერ გავაკეთებდით, რადგან ამით კლუბის მომავალს დავასამარებდით. თავის მხრივ, მესი მეტს ვეღარ ითმენდა და მივხვდი, რომ განშორების დრო დამდგარიყო“.

მავანმა დელეგატმა კი ეჭვი გამოთქვა, რომ მესი ჯერ კიდევ წინა წლიდან, კერძოდ, ბუროფაქსის ცნობილი ისტორიიდან მოყოლებული „პარი სენ ჟერმენთან“ გარიგებული იყო. ლაპორტამ უპასუხა:

„ლეოს წარმომადგენლებმა მითხრეს, და მე მათი მჯერა, რომ ისინი პსჟ-თან არაფერზე იყვნენ შეთანხმებულები. მას „ბარსელონაში“ უნდოდა კარიერის გაგრძელება.

ჩემთვის ახლა ერთადერთ რამეს აქვს ფასი: იმ დიდ სიამოვნებას, რომელიც 16-დან 34 წლამდე მისი ჩვენთან ყოფნით მივიღეთ. განშორების დრო კი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებოდა. სამწუხაროდ, ეს ახლა მოხდა. მოსალოდნელზე ალბათ ორი წლით ადრე“.