ევროპის სარაგბო სუპერთასის თავისმეორე მატჩში „შავმა ლომმა“ ძლევამოსილი სვლა გააგრძელა. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა რუსეთის ქალაქ პენზაში ადგილობრივი „ლოკომოტივი“ 27:11 დაამარცხა, თანაც მეტოქის ერთი ლელოს წილ თავად 4 დადო და ამ გზით ბონუს-ქულაც მიიღო, რამაც სატურნირო ცხრილის ლიდერ კრასნოიარსკის „ენისეისთან“ მიახლოების საშუალება მისცა.
ქართველებმა შეხვედრის პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩაატარეს – 22:6 დაწინაურდნენ, თანაც ალექსანდრ იანიუშკინის ორ ზუსტ საჯარიმოს სამი ლელოთი უპასუხეს – გიგაურის, მამუკაშვილისა და გიორგი ბაბუნაშვილის. ამუკანასკნელის მიერ დასრუებული კომბინაცია განსაკუთრებით ლამაზი იყო. ეს იყო შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი.
მეორე ნახევარი კი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და „ლოკოს“ მოლი ბორჯღალოსანმა პენზელმა გიორგი ჭყოიძემ ლელოთი დააგვირგვინა – 22:11 ქართველთა სასარგებლოდ.
დარჩენილი დროის უმეტესი ნაწილი „შავმა ლომმა“ ძირითადად დაცვაში გაატარა მაგრამ მეტოქეს ფიზიკურად მაინც გაუძლო და მეოთხე, პრემიალური ლელოც ძალისმიერ სტილში დადო – მამუკაშვილის დუბლიორმა ხუროშვილმა შეუჩერებელი ქართული მოლი დამაჯერებლად დააგვირგვინა. 27:11 და „შავი ლომი“ ცხრილის მეორე საფეხურზე დამკვიდრდა, თანაც პოტენციურად ჩვენი ფრენჩაიზი ლიდერია, რადგან „ენისეი“ მოსკოვში ისრაელის „თელ ავივ ჰითთან“ 31:34 სენსაციურად დამარცხდა და ბონუსი მიიღო.
ერთი კვირის შემდეგ ჩვენი გუნდი გასვლით მატჩში სწორედ „ენისეის“ დაუპირისპირდება.