პრემიერლიგელ ვარსკვლავს მძარცველები დაესხნენ თავს. ისინი მაჩეტეებით იყვნენ შეიარაღებულები და ქუდ-ნიღბები, ეგრეთწოდებული ბალაკლავები ეხურათ. მათ ფეხბურთელი და მისი მეგობარი გოგონა სკამებზე მიაბეს.
წყაროები ფეხბურთელის ვინაობას არ ასახელებენ. თავდამსხმელებს ის მთელს 1,5 მილიონად შეფასებულ სახლში უტარებიათ წინ და უკან. ეტყობა, ძვირფასეულობას და ფულს სთხოვდნენ.
ეს ამბავი ახლახან, ოქტომბრის დასაწყისში მომხდარა, როდესაც ეროვნულ ლიგებში ფეხბურთი სანაკრებო პერიოდის გამო შეჩერებული იყო. სახლ-კარი, რომელზეც ვლაპარაკობთ, განყენებულად მდგარა. როგორც ჩანს, მძარცველებს ფეხბურთელი ნაკრებში ეგონათ გამოძახებული და შინ არავის ელოდნენ. მათ შუშის კარი შეუნგრევიათ და სახლში ისე შესულან. ფეხბურთელი თამაშს უყურებდა, ხოლო მეგობარი გოგონა აბაზანაში შხაპს იღებდა.
სახლის პატრონები სკამებზე დააბეს, ოთახებში კი ყველაფერი გადააბრუნეს.
აშკარაა, რომ მძარცველები აგრესიულად იქცეოდნენ. მათ წაუღიათ საათები, საიუველირო ნაკეთობები და ელექტროტექნიკა.
ინგლისურმა პრესამ შეიტყო, რომ ლაპარაკია ფეხბურთელზე, რომელიც მოედანს მიღმა წყნარად ცხოვრობს და საზოგადოების ყურადღებას იმდენად არ იპყრობს, რომ გასაძარცვად მისი სახლის შერჩევა გასაკვირი იყოო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეს ნამდვილად არ არის ფეხბურთელის სახლის გაძარცვის პირველი შემთხვევა. დამნაშავეები მეტწილად მაშინ აქტიურდებიან, როდესაც ფეხბურთელები სათამაშოდ სხვაგან არიან წასულები და იციან, რომ შინ არავინ არის, მაგრამ ყოფილა თავხედური ძარცვის შემთხვევები.
საყურადღებო ის გახლავთ, რომ ინგლისური წყაროები, რომლებიც დანაშაულის ამბავს აღწერენ, იშვიათად უბრუნდებიან თემას და აღარ იტყობინებიან, თუ როგორ დაიჭირეს დამნაშავეები. ან ვინ იცის, იქნებ ინგლისის პოლიციას ფეხბურთელთა საქმეების გამოძიება უჭირს კიდეც.