No description available.ევროპის სუპერთასის თავის მეორე მატჩს პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რუსეთის პროვინციულ ქალაქ პენზაში გამართავს და მისი მეტოქე ადგილობრივი „ლოკომოტივ-პენზა“ იქნება.

ეს გუნდი არაა ხელწამოსაკრავი – რუსეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია და მის ღირსებას არაერთი ცნობილი მორაგბე იცავს. კერძოდ, რუსეთის რკინიგზელთა რიგებში გამორჩეულები არიან ბორჯღალოსნები გიორგი ჭყოიძე და ილია სპანდერაშვილი. შაბათს თანამემამულეების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ტარიელ დონაძე და ნიკა ცირეკიძეც იქნებიან. მათ გარდა გუნდშია რეზო ბროძელიც. რაგბის ქართველი მოყვარულისთვის ყველა მათგანი კარგადაა ნაცნობი. ისევე როგორც პენზელთა უფროსი მწვრთნელი დავით გურგენაძე – ცნობილი ქართველი სპეციალისტი. აქვე არიან საკმაოდ მაგარი სამხრეთაფრიკელები და „კარდიფ ბლუზიდან“ გადაბირებული უელსელი მეორეხაზელი.

ბიუჯეტიც ისეთი აქვთ, ჩვენებს არც დასიზმრებიათ. ცხადია, როცა რუსეთის რკინიგზა გმფარველობს, ფინანსური პრობლემა არ უნდა გქონდეს…

ასეა თუ ისე, „შავი ლომი“ რუსეთში მოსაგებად ჩავიდა და ობიექტურ ფავორიტადაც ის მიიჩნევა – ჩვენს გუნდში ხომ 13 მოქმედი ბორჯღალოსანია, ანუ სრული განაცხადის ნახევარზე მეტი.

თამაში პენზის „პერვომაისკიზე“ შაბათს, თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყება.

No description available.ერთი დანაკლისი გვაქვს – „თელ ავივ ჰითთან“ ერთი კვირის წინანდელ დაპირისპირებაში სოსო მათიაშვილმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსანი ფულბექისთვის მიმდინარე სეზონი სტარტზევე დასრულდა…

ძალიან დასანანია, თუმცა „შავ ლომში“ შემადგენლობაში საკმარისი სიღრმეებია და მათიაშვილის ადგილს სასტარტოში ლაშა ხმალაძე დაიკავებს.

დანარჩენები სრულად ჯანმრთელები არიან და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველებს ერთი მატჩის გამოცდილება უკვე აქვთ და თანდათან აუცილებლად კიდევ მოუმატებენ, პოზიტიური შედეგის იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.

ესეც რაზმი, რომელიც „ლოკომოტივ-პენზასთან“ რკენაში ჩაებმება:

 

1.მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი,1 1. მირიან მოდებაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლაშა ხმალაძე.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.