ჟოზე მოურინიუ გახელდა. მისმა „რომამ“ ნორვეგიაში „ბოდო/გლიმტთან“ 1:6 წააგო. ეს კონფერენციის ლიგაზე მოხდა.

„ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობები სწორად ვერ შევაფასე“, — თქვა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელსაც ასეთი მწარე მარცხი არასდროს უწვნევია. ეს იყო 1008 მატჩიან კარიარაში პირველი შემთხვევა, როდესაც მისმა გუნდმა ექვსი გოლი გაუშვა. მართალია, პორტუგალიელმა სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა, მაგრამ ამ მასშტაბის კატასტროფას არ ელოდა.

მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „განსაკუთრებულმა“ თქვა, რომ დარწმუნდა, — მას მხოლოდ 13 ნამდვილი ფეხბურთელი ჰყოლია.

„როდესაც მეტოქე 3:1 დაწინაურდა, სრულიად დავკარგეთ თავი. პასუხისმგებლობა რასაკვირველია, მე მეკისრება, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა რომ გამომეყვანა, ვინმე შეიძლება დაშავებულიყო, კვირას კი „ნაპოლისთან“ გვაქვს მნიშვნელოვანი თამაში. წაგების ახსნა ადვილია: მეტოქემ გვაჯობა. მათი პირველი გუნდი ჩვენს მეორე გუნდს აღემატებოდა. გაიმარჯვა მან, ვინც უფრო ძლიერი იყო.

ოთხი თუ ხუთი კვირის წინ ვთქვი, ვატიკანში უნდა წავიდეთ და უფალს ტრავმებისგან დაცვა შევთხოვოთ, მეთქი. მერწმუნეთ, ვიცოდი რასაც ვამბობდი“.

მოურინიუს ჰკითხეს, მეორე შემადგენლობის მუდმივი იგნორირება ამ ფეხბურთელებზე დამთრგუნველად ხომ არ მოქმედესო. მან უპასუხა:

„არა, პრობლემა უკლასობაა“.

შემდეგ, „განსაკუთრებულს“ „ბოდო/გლიმტის“ შესახებ ჰკითხეს. იქნებ, მეტოქე ჯეროვნად ვერ შეაფასეთო.

„არა, უფრო ჩემი ფეხბურთელები შევაფასე გადაჭარბებით. ვიცოდი, რომ ჩვენს ჯგუფში „ბოდო/გლიმტი“ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნებოდა, მაგრამ მეგონა, რომ სხვანაირად ვითამაშებდით.

ისე ჩანდა, თითქოს მათი თავდამსხმელი ოლა სოლბაკენი (ორი გოლის ავტორი) მოტოციკლით დაქროდა, ჩემი ფეხბურთელები კი ველოსიპედებით დასეირნობდნენ. გარწმუნებთ, რომში, საპასუხო შეხვედრაში, ჯანლუკა მანჩინი და მატიას ვინა მისთვის მზად იქნებიან“.

სოციალურ ქსელებში კი გულშემატკივრებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი. ზოგი წერს, მწვრთნელს ჟოზე მოურინიუ რომ არ ერქვას, უკვე მოხსნილი იქნებოდაო. ზოგი, ზაფხულში გაგდებულ პაულუ ფონსეკას იცავს და ამტკიცებს, რომ „რომას“ ჩავარდნა მისი ბრალი არ იყო.

შარშან, ექვსი გოლი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაინც გაგვიტანა, ახლა კი გაგვანადგურა გუნდმა, რომლის არსებობა არც კი ვიცოდიო, წერს სხვა.